23/08/2024
18:06
სამართალი
ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება წავართვი… – ასეთი იყო 27 წლის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულის, გიორგი კავლელაშვილის ბოლო სიტყვა სასამართლო დარბაზში.
,,ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, – განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოკლულის დედამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემს შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024