04/02/2023
14:16
ეკონომიკა
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, - გადაწყვეტილება ე.წ. მთავრობამ მიიღო. მოსახლეობა აღნიშნულს აპროტესტებს და ე.წ. მთავრობის გადადგომას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდული გრაფიკი მორიგჯერ პირველ თებერვალს ამოქმედდა. შუქი დღეში მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ კი შვიდი საათი ქრება. ყველაზე მეტხანს ელექტროენერგიის გარეშე ყოფნა გალისა და ოჩამჩირის რაიონში მცხოვრებლებს უწევთ.
"პრობლემა გამრიცხველიანებაა. ელექტროენერგიის ტარიფი ოდნავ კი გაზარდეს, მაგრამ გამრიცხველიანებას ახლა იწყებენ. ეს არ არის მარტივი პროცესი და ერთ დღეში ვერ გადაწყდება. ვიცი, რომ მრიცხველების გარკვეული პარტია შემოვიდა. 7000-მდე მრიცხველის მონტაჟი მიმდინარეობს, თუმცა უფრო კარდინალური ზომებია საჭირო", - აცხადებს “ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა წლებია გადაუჭრელია. გამრიცხველიანებასთნ ერთად ტერიტორიაზე გამოწვევა უკანონო მაინინგია, რომელიც მოხმარებას ზრდის.
"გვაქვს რაიმე კამპანია ენერგიის დაზოგვის მიზნით? აქ ვინმე ხალხს უხსნის, რომ დენცქვიტიდან კაბელი უნდა გამოაერთო, თუ მაგალითად, ტელეფონს არ ტენი? დღისით ქუჩებში განათებები ჩართულია. ჩვენთან კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გადასახადეებს არ იხდიან. არაფერს ვამბობ საწყალ პენსიონერებზე, რომლებიც მათხოვრულ პენსიას იღებენ. თუმცა ჩვენ არ გვყავს სხვა მოვალეები, რომლებიც წლების განმავლობაში არაფერს იხდიან? თუ არ შეგიძლიათ ხალხს გადასახადები გადაახდევინოთ, აბა რა შეგიძლიათ?”, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, ლიანა კვარჭალია.
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დღე–ღამეში 11 მლნ კვტ/სთ–ს შეადგენს. 2022 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთლიანობაში 3 მლრდ კვტ/სთ ელენერგია მოიხმარა. აქედან 900 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან მიიღო, ხოლო 2,1 მლრდ კვტ/სთ ენგურჰესიდან.
წყარო: bm.ge
0
0