05/02/2024
16:44
კულტურა
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ მან არ იცის რა ვითარებაა ამ ეტაპზე გელათის ტაძარში. ის პასუხისმგებლობას იხსნის გელათზე იმ დროიდან, როცა მისი რეაბილიტაცია საპატრიარქოს გადაეცა.
“ბევრს საუბრობენ გელათზე, სამწუხაროდ, მე ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ ჩვენ აღარ ვიმუშავოთ გელათში, ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად იქ რა ხორციელდება. ჩვენ როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს წელს ვიზიტს გელათში და მათი დაკვნის შემდეგ გვეცოდინება, იქ რა ხდება. მე მაქვს რწმენა იმის, რომ იქ ყველაფერი არის კარგად და იქნება საუკეთესოდ.
მე პასუხს ვაგებ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე.
2022 წლის და 2023 წლის ზამთარი როგორ გაიარა ძეგლმა ჩვენ არ ვიცით. არ ვიცით ნიშნავს “არ ვიცით”, ეს არც კარგს ნიშნავს, არც ცუდს ნიშნავს. ეს ნიშნავს უბრალოდ, რომ არ ვიცი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ მისვამენ კითხვას და როდესაც ვიცი, ვამბობ ვიცი და ვაგებ პასუხს თავით, სისხლით და როდესაც არ ვიცი, არ ვიცი. "- თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტში მოხსენებისას. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს იმ პერიოდის დოკუმენტაცია, როცა სამინისტრომ გელათი საპატრიარქოს გადააბარა რეაბილიტაციისთვის.
"წლების შემდეგ ეს მასალა შეიძლება შედარდეს იმ ვითარებას, რა ვითარებაც იქნება ძეგლზე და მერე უკვე ორი ყური ასწიას პრინციპით ბაჭიას შეეძლება გამოიცნოს, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ვერ გააკეთა" - თქვა თეა წულუკიანმა. მან გაიხსენა ისიც, რომ გელათის პროექტი ჯერ კიდევ 2008 წელს იყო პრობლემური და ხარვეზებით მიმდინარეობდა ისტორიული ეკლესიის რეაბილიტაცია წლების განამვლობაში.
"წყლის დენა ჩვენ შევაჩერეთ და შრობის პროცესიც იუნესკოს რჩევის შედეგად, გავაძლიერეთ.
მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს: ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაშავებთ, ყველა ასეთი განცხადება დასრულდება სასამართლოში. ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ" - ასე დაამთავრა თეა წულუკიანმა მისი გამოსვლა მინისტრობის კანდიდატის სტატუსით საკომიტეტო მოსმენაზე.
გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია საპატრიარქომ 2023 წლის 24 თებერვალს გადაიბარა. მაშინ ითქვა, რომ ეს კულტურის სამინისტროს ინიციატივა იყო.
თეა წულუკიანის საპატრიარქოსთვის გაკეთებულ შეთავაზებას წინ უძღოდა არაერთი კრიტიკული დასკვნა გელათში ჩატარებული სამუშაოების თაობაზე და ეკლესიის მკვეთრი განცხადება იმის შესახებ, რომ გელათში მდგომარეობა კრიტიკულია.
0
0