18/01/2023
20:34
კულტურა
რენესანსის მხატვრობაში, ხელის ჟესტები ისეთივე დიდ მნიშვნელობას ატარებენ, როგორც სახე და მიმიკა. მხატვრები ჟესტებით საიდუმლოებს და კოდურ მესიჯებს ჩურჩულებდნენ ან ჩვენს ყურადღებას საგულისხმო დეტალებზე ამახვილებდნენ.
რა აქვს ამ სამ სურათს საერთო?
ქრისტეს მიაქვს ჯვარი, 1577-1587, ელ გრეკო; სერ ისააკ ნიუტონი, სერ ჯეიმს თორნჰილი, 1710; ვენერა სარკის წინ, ტიციანი, 1553;
ყველა ნახატზე, პერსონაჟს ხელის მტევანი მკერდზე უდევს. ამასთან ერთად, მტევანში თითების განლაგებაც იდენტურია - შუა და არა თითები შეტყუპებულია, ხოლო საჩვენებელი, ცერა და ნეკა თითები გაშლილად და განცალკევებით უჭირავთ. აღნიშნული ჟესტი ელ გრეკოს, ბრონზინოსა და სხვა ოსტატების ნამუშევრებში მრავლად გვევლინება. რას უნდა ნიშნავდეს ის? რა აზრი იმალება მის უკან?
აკადემიაში ჯესტის მნიშვნელობაზე რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს, რომლებსაც ახლა განვიხილავთ.
კრიპტო-ებრაელების ნიშანი
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ჟესტი შეფარული ებრაელების, ანუ კრიპტო-ებრაელების მიერ გამოიყენებოდა თავიანთი საიდუმლო იდენტობის სხვა ებრაელებისთვის გასამხელად. ინკვიზიციის დროს, 1492 წელს, ესპანეთის კათოლიკე მეფეებმა ფერდინანდმა და იზაბელამ ხელი მოაწერეს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ებრაელები ან მოინათლებოდნენ ქრისტიანებად ან იბერიის ნახევარკუნძულიდან გაძევდებოდნენ. მომდევნო პერიოდში ბევრი ებრაელი, გაქრისტიანების მიუხედვად, იუდაიზმს ინარჩუნებდა და რელიგიურ ტრადიციებს საიდუმლოდ მისდევდა. ასეთი ებრაელების უმეტესობა ტოლედოს (იმდროინდელი ესპანეთის დედაქალაქის) ებრაულ უბან იუდერიაში ცხოვრობდა. მათ მარანოებს ეძახდენენ, რაც გაქრისტიანებულ ებრაელს და ძველ ესპანურ ენაში ღორს ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ ელ გრეკო, მხატვარი, რომელიც ბევრი ამ ჟესტის შემცველი ნამუშევრის ავტორია, იუდერიაში ცხოვრობდა, ბევრი მეცნიერი ამ თეორიას სეფარდულ და კაბალისტურ ლიტერატურაში ჟესტის არსებობის საბუთის ნაკლებობის გამო უარყოფს.
მედიჩების ოჯახის წევრობის ნიშანი
კოზიმო I დე მედიჩი აბჯარში, ბრონზინო, დაახლოებით 1545
შემდეგ თეორიაზე დაყრდნობით, ჟესტი მედიჩების ოჯახის წევრობის ნიშანი იყო. ფლორენციელი ფერმწერი ბრონზინო კოზიმო მედიჩისა და სხვა მედიჩების პორტრეტებში ამ ჟესტს იყენებს. თუ დააკვირდებით, შეიძლება თითებით გამოსახული M დაინახოთ, რომელიც შესაძლოა გვარის ლათინურ დამწერლობაზე „Medici“-ზე მიანიშნებდეს. ამ თეორიის საწინააღმდეგოდ მაგალითად ძვ. წ I საუკუნეში შექმნილი სიყვარულის ბერძენი ქალღმერთი აფროდიტეს ბრინჯაოს ქანდაკება მოჰყავთ. ცნობილია, რომ მედიჩებს ამ ქანდაკების მარმარილოს ასლი ჰქონდათ, რომელსაც „მორცხვი ვენერა“ ერქა, რომელსაც შემდეგ „მედიჩების ვენერა“ უწოდეს. პორტრეტებზე გამოხატული ჟესტი, რომელიც ვენერას მიმბაძველობაა, შესაძლოა ზუსტად „სიმორცხვეს“ და მედიჩების თავმდაბლობას უსვამდეს ხაზს. თუმცა, რთულია ეს ჟესტი მედიჩების ოჯახს მივაკუთვნოთ, რადგან ის სხვა რელიგიურ და არა მედიჩების პორტრეტებში გვხვდება.
მასონიზმი
შემდეგი თეორია თითებით გამოსახულ ასო „მ“-ს მასონიზმის მიმდევრობით ან მასონობით ხსნის. ეს დამაინტრიგებელი მოსაზრებაა, თუმცა მისი დაჯერება ჭირს.
ზიგოდაქტილია
წარჩინებული მკერდზე მიდებული ხელით, ელ გრეკო, 1580
ერთი შეხედვით, ელ გრეკოს ნახატში „წარჩინებული მკერდზე მიდებული ხელით“ კაცს უცნაური არაფერი სჭირს. თუმცა ზოგი ხელოვნებათმცოდნე მის ასიმეტრიულად დაფერდებულ მხრებსა და უჩვეულოდ მაღლა ჩამოკიდებულ ხმალს ემბრიონულ მალფორმაციას, ზიგოდაქტილიას აწერს. ზიგოდაქტილია გენეტიკური მუტაციის შედეგია და განუცალკევებელი მესამე და მეოთხე თითებით ვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ ზიგოდაქტილია სინდაქტილიის (ზოგადი ტერმინი გენეტიკურად გამოწვეული თითების მალფორმაციების ასაღწერად) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, ნუთუ აიხსება მისით ელ გრეკოს 20-ზე მეტ პორტეტში გამოსახული ჟესტი, მით უმეტეს, თუ ამ ჟესტით რელიგიური პერსონაჟებიც, მაგალითად იესო, ღვთისმშობელი, და მარია მაგდალინელიც, ჩნდებიან?
ფიცი
პრადოს მუზეუმის თანახმად, ელ გრეკოს „წარჩინებული მკერდზე მიდებული ხელით“-ში გამოსახული მამაკაცის ჟესტი გვირგვინის წინაშე ფიცის სიმბოლოა. ეს მისი სამხედრო მეთაურობითაც აიხსება. თუმცა ეს თუნდაც მედიჩების (ბანკირებისა და პოლიტიკოსების) პორტრეტებში ჟესტს არ ხსნის.
საბოლოო დასკვნები
როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თეორია არც კი გაგაცანით, საიდუმლო ჟესტის მნიშვნელობასთან დაკავშირებული ბევრი მოსაზრება არსებობს.
ჟესტი ასობით ნახატში გვხვდება - ტიციანთან, ბრონზინოსთან, ელ გრეკოსთან, პარმიჯიანინოსთან, ფრანსუა კლუეტთან, ჰანს მემლინგთან და ანტონ რაფაელ მენგსთან. ხელის მტევნის ეს მდგომარეობა და პოზიცია ნახატებში მეორდება, რომლებიც სხვადასხვა ეპოქას, ხელოვნების მიმდინარეობას, და შექმნის გეოგრაფიულ ადგილს შეესაბამება. სჯობს მივიღოთ მოსაზრება, რომ ეს ჟესტი ხელოვანებს შორის გავრცელებული იყო და ისინი მას სინაზისა და ელეგანტურობის განსასახიერებლად ხატავდნენ. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ და ზუსტად იშიფრებოდეს, მითუმეტეს ხელოვნებაში. საიდუმლო ჟესტის უნივერსალური განმარტება არ ვიცით და ალბათ ვერც გავიგებთ. მაგრამ შეგვიძლია მისი სილამაზე დავაფასოთ.
წყაროები: National Library of Medicine, the Pseudozygodactylous gesture of the lactating goddess: evolution and migration ©1990 Minneapolis, A Mysterious Gesture
მოამზადა: ანა მთვრალაშვილმა
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024