06/10/2024
22:50
საზოგადოება
განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის დედა, საზარელი დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ დუმილს არღვევს და ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის არასრულწლოვანმა შვილმა დანაშაული დამალა.
როგორც შორენა ჯოხთაბერიძე აცხადებს, მან დღემდე არ იცის, რა იყო მკვლელობის მოტივი.
მისი თქმით, შვილს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა.
“გვაინტერესებს, რა მოხდა რომ ჩემი შვილი ასე გაიმეტეს. ბიჭებთან მივდივარ - კობასთანო. ვინ კობასთან მეთქი, შევეკითხე... “თიბილას“ სტუმრები ჰყავსო და იქ მივდივარ. არ ინერვიულო დედა, არ ვსვამ ხომ იციო. წამოსვლის მერე დაგირეკავო.
ჩვენი საუბრის მერე, რამდენიმე საათში მითხრეს, რომ ჩემი შვილი იმ ოჯახიდან გამოვიდა და მოკლეს. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“, - იხსენებს შორენა ჯოხთაბერიძე
მისივე თქმით, პასუხისგებაში მიცემული ძმები ბედოშვილების გარდა, საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთის 17 წლის შვილი.
“რომ ხედავდა ამხელა 17 წლის ბიჭი, რომ ხელები შეუკრა თავისი მიტანილი ბაწრებით... მამამ დაურეკა და უთხრა ამ ბიჭს, ბაწრები მომიტანეო. შევიდა და ბოსლიდან გამოუტანია. რომ ხედავდა ამხელა ბიჭი, რომ თავისი მამა ასეთ არაადამიანურ საქციელს სჩადიოდა... ხელებს უბოჭავდა ჩემს შვილს, რაღაც რეაგირება ხომ უნდა მოეხდინა? ეთქვა: მამა, ბიძა, რას აკეთებთ, კაცს კლავთ?
ისედაც გათიშული იყო უკვე ჩემი შვილი და თავში ჰქონდა დარტყმულ. რაღად უნდოდა ხელების გაკოჭვა. ეგ ბავშვი საზოგადოებისთვის არის საშიში, იმიტომ რომ ბიძას და მამას ხელი არ შეუშალა მკვლელობაში. თანამონაწილეა, აბა რა არის“, - აცხადებს მოკლულის დედა.
ნიკა ღვინიაშვილის დის, მარიამ ღვინიაშვილის თქმით, ცხედარს ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა:
“ცხვირი, სახე, ყელი. თავში ჩარტყმული. ყელში ჰქონდა წაჭერილი, სახე სულ დაკენკილი ჰქონდა. ორივე მუხლი - ნახოხიალები იყო. სულ ტალახიანი ჰქონდა თეთრი შარვალი“ , - იხსენებს მარიამ ღვინიაშვილი.
დაახლოებით ერთი თვის წინ, უმძიმესი დანაშაული მოხდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, სადაც 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი სასტიკად მოკლეს. ახალგაზრდა, სკამზე დააბეს, ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი - 56 და 65 წლის ძმები, მედოშვილები.
მკვლელობაში ბრალდებულებმა დუმილი სასამართლოს დარბაზში დაარღვიეს:
ერთ-ერთი ძმის თქმით, მას განზრახ მკვლელობა მიზნად არ ჰქონია დასახული. ბრალდებულმა დღის ქრონოლოგია გაიხსენა და როგორც აღნიშნა, 28 წლის ბიჭი მას აედევნა. ამას მოჰყვა დაპირისპირება და მკვლელობა. მისი თქმით, მხარეებს ადრეც ჰქონიათ კონფლიქტი. აღნიშნული ინფორმაცია დაკავებულმა გამომძიებლებს თავიდან არ მიაწოდა.
“ქირქილით გამომიყვანა მდგომარეობიდან. ვუხსნიდი, მთვრალი ვარ, შემეშვი მეთქი. ერთი ჭიქა ავიღე ოჯახში, ვთქვი, ავდექი და წამოვედი. წამოვედი და უკან მომყვებოდა. აშკარად ვუყურებ და მანძილს ამცირებს. 150 მეტრი გავიარე... დაგეგმილი არ მქონდა, თავისდაუნებურად გავიხსენე შარშანდელი ამბებიც,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს დარბაზში.
0
0