27/11/2023
09:24
კულტურა
18 ნოემბერს შედგა ჩემი რეკვიემის ევროპული პრემიერა - პუბლიკის რეაქციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ფეხზე იდგა მთელი დარბაზი, - ამის შესახებ „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელოვნების ამ ფესტივალს - ევროპალიას, რომლის სტუმარი და მასპინძელი წელს არის საქართველო. წარმოდგენილია ქართული კულტურის ძალიან ფართო სპექტრი. რამდენიმე ქვეყანა მეგულება მსოფლიოში, ვისაც ასე მასშტაბურად შეუძლია წარმოადგინოს წარსულიც, აწმყოც და დაგვანახოს მომავლის პერსპექტივაც. ძალიან დიდი პატივი იყო, რომ ვმონაწილეობდით ამ ფესტივალში და 18 ნოემბერს შედგა ჩემი რეკვიემის ევროპული პრემიერა. ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს ყველაფერი და ჩემთვის როგორც კომპოზიტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როცა ნეიტრალური პუბლიკა უსმენს ნაწარმოებს, ალბათ ეს ყველაზე სწორი შეფასებაა ნაწარმოების და კარგად ჩანს დადებითი და ნაკლოვანი მხარეები. რეაქციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ფეხზე იდგა მთელი დარბაზი.
მე ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან რეკვიემი ისეთი მუსიკალური ჟანრია, რომელიც წუხილთან და ტრაგედიასთან არის დაკავშირებული და უცებ დიდი მოთხოვნა გაჩნდა იმისა, რომ კიდევ შესრულდეს. ამიტომ დაგეგმილი გვაქვს შევასრულოთ 7 მარტს, რომელიც ჯანსუღ კახიძის გარდაცვალების დღე გახლავთ “, - აღნიშნა კახიძემ.
0
0