24/09/2024
12:11
საზოგადოება
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 50-ზე მეტი ღვინის კერძო კომპანია იქნება ჩართული.
„კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, წელს რაჭაში რთველი გასულ წლებთან შედარებით ადრე დაიწყო. რაჭა განსაკუთრებული რეგიონია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, სადაც მზადდება უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, ასევე სხვა საინტერესო ღვინოები. რთველის მხარდასაჭერად, კერძოდ, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების, მოსავლის სრულად, დროულად დაბინავებისა და ყურძნის ხარისხის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ სამ ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ რვა ლარს. რაჭა- ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე ერთი კგ ალექსანდროულისა და ერთი კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა. ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა.
„რთველი 2024“-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0