27/05/2023
16:39
კულტურა
“გელათის ტაძრის მთავარ პრობლემას კედლის მხატვრობის მძიმე, დაზიანებული მდგომარეობა წარმოადგენს”, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სარეაბილიტაციო პროცესის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეუფე შიოს განმარტებით, იუნესკოს მთავარი და უცვლელი რეკომენდაცია არის გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის, დაუყოვნებლივ, მთლიანი დამცავი დროებითი გადახურვის ქვეშ მოქცევა, რამაც კედლის მხატვრობის გადარჩენაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყოვლად უსამღვდელოესო მეუფენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ღირსნო მამანო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო მეცნიერებო,
მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის.
დღეს გვინდა გაგაცნოთ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ვითარება, საქართველოს საპატრიარქოს მიერ საწყის ეტაპზე (ამ მიმართულებით) შესრულებული სამუშაოები და ასევე ჩვენი სამომავლო ხედვა და გეგმები.
მოგეხსენებათ, რომ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ერთობლივად შემუშავდა თანამშრომლობის უნიკალური ფორმატი, რომლის ფარგლებშიც გელათის რეაბილიტაციის პროცესს წარმართავს საქართველოს საპატრიარქო, სახელმწიფოსთან ერთად, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით და ჩართულობით.
ამ მიზნით მიმდინარე წლის 6 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დაიდო ხელშეკრულება“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
შეხვედრას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
“ერი და ბერი ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისთვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024