30/08/2024
17:39
სპორტი
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ქართველი მეკარე კლუბმა მომავლისთვის შეიძინა, ხოლო ამჟამად გუნდში მყოფი მეკარეებით ძალიან კმაყოფილია.
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ ამ ტრანსფერებით, რომლებიც გავაკეთეთ, რადგან არაერთხელ ვთქვი, რომ გუნდის კიდევ უფრო გაძლიერება რთული იყო, ვინაიდან უკვე ისედაც ძლიერი გუნდი გვყავს. კიეზა არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ახლო პერსპექტივაში დაგვეხმაროს, ხოლო მამარდაშვილი, მგონი კარგად გამოვთქვი გვარი, (რეალურად თქვა: „მამაშვილი“), ვფიქრობ, არის მაგალითი იმის, რაც ამ კლუბმა წარსულშიც ძალიან კარგად გააკეთა, რომ ისინი უყურებენ კლუბის მომავალს, გრძელვადიან პერსპექტივას. ამიტომაც დავიმატეთ ის.
რაც შეეხება კეუვინ კელეჰერს, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ ეხება. ვფიქრობ, თუ ისეთ კლუბში მუშაობ, როგორიც „ლივერპულია“, კონკურენცია გჭირდება და შესაბამისად, გვჭირდება ბევრი კარგი ფეხბურთელი. როგორც ვთქვი, მამარდაშვილი კლუბის ხანგრძლივი მომავლის ფეხბურთელია და მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმ მეკარეებით, რომლებიც ამჟამად მყავს, კელეჰერიც ერთ-ერთი მათგანია, როგორც ალისონი და ვიტეშლავ იაროში. ასე რომ, ახლაც და მომავალშიც მეკარეებთან დაკავშირებით კარგი სიტუაცია გვაქვს“, - განაცხადა სლოტმა.
0
0