26/02/2024
17:14
კულტურა
წლებია, ხატია ბუნიათიშვილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პიანისტების სიაშია. როგორც ირკვევა, 36 წლის ხელოვანი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიანისტიც არის. Forbes & Business Insider-ის 2024 წლის 3 თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 3.5 მილიონი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ ის სულ რაღაც 6 წლის იყო, პირველი კონცერტი რომ გამართა თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, ხოლო საერთაშორისო საგასტროლო კარიერა 10 წლის ასაკში დაიწყო.
პიანისტი და ამჟამად პარლამენტარი ელისო ბოლქვაძე იხსენებდა:
“ჩემი პირველი აღმოჩენა იყო ხატია ბუნიათიშვილი. ახლა კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ მას მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა – პირადულიც და არაპირადულიც. არ მაქვს სურვილი მასთან ურთიერთობის. ეს იყო ბავშვი, რომელიც მე აღმოვაჩინე და იყო ათი წლის. მიშელ სონი, ჩემი მენტორი ჩამოვიყვანე საქართველოში და როდესაც მთელი თბილისის ქუჩებსა და უბნებში სიბნელე იყო, სწორედ მაშინ მივიყვანე ათწლედში მაესტრო და მაშინ მოუსმინა ბავშვებს და მათ შორის იყვნენ ხატია და მისი და… მან წაიყვანა ავსტრიაში. ჩემი ხელშეწყობით მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი”.
ახლახანს ერთ-ერთ გერმანულ ჟურნალში ხატიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც პიანისტი, დედობაზე, პოლიტიკასა და კარიერაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ პარიზი კვლავ რჩება მის ცხოვრებაში – და ყოველთვის ასე იქნება. პიანისტის შვილი – შარლოტა გასული წლის მაისში დაიბადა.
“განსაკუთრებით ქალები – ჩვენ უფრო გახსნილები ვართ და გვესმის ერთმანეთის. დედაჩემი ძალიან ნიჭიერი სტილისტია, ჩემი და უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, პროფესიონალი: მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. საქართველოში 1990-იან წლებში ვიზრდებოდი. მძიმე დრო – ოკუპაცია და ომი. დედაჩემი არის მაგალითი ბევრი ადამიანისთვის საქართველოში. ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზეა. მან მაჩვენა, როგორ წარმოუდგენლად ძლიერი შეიძლება იყოს ქალი…“
პიანისტს ჰკითხეს მსოფლიოში ცნობილ კამპანიაზე MeToo, როდესაც ქალები სექსუალურ შევიწროვებაზე ალაპარაკდნენ. კითხვაზე, თუ განუცდია მსგავსი რამ, ამბობს:
“არა, სექსუალური გაგებით არა, მაგრამ ზოგიერთ დირიჟორს, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, ასეთი რეპუტაცია ჰქონდა. ხანდახან ვიღაც მეუბნებოდა, – ფრთხილად ვყოფილიყავი! მათ ჩემთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ აგრესიულები იყვნენ თავისებურად, რაც ქმნიდა არაჯანსაღ დაძაბულობას. მაშინ გადავწყვიტე, რომ ასეთ დირიჟორებთან აღარ გამეგრძელებინა მუშაობა.
კითხვაზე, – რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა წარმატებისთვის? – ხატია ამბობს, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ არასოდეს უფიქრია ამაზე.
“არასდროს მსურდა კარიერისთვის მიმზიდველი ვყოფილიყავი. ეს მხოლოდ მაშინ მინდოდა, როცა პირველად შემიყვარდა…“
Cartier-ს ელჩობაზე…
“დიახ, ეს უჩვეულოა… როცა “კარტიემ“ მთხოვა, რომ მათი სახე გავმხდარიყავი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორც ყველა პატარა გოგონას, მეც მიფიქრია პრინცესობაზე, მაგრამ ამისთვის პრინცზე უნდა დავქორწინებულიყავი. მე მინდოდა თავად ვყოფილიყავი წარმატებული. ბავშვობაში საქართველოში ცხოვრებისას, 1990-იან წლებში ჩემს ოჯახს არ ჰქონდა ფული, ზოგჯერ სახლში ძალიან ცოტა საჭმელი იყო და მე დღეს ვარ “კარტიეს” ელჩი. ჩემი ამბავი უნდა იყოს შთაგონება ახალგაზრდებისთვის, ნახონ, რას შეუძლიათ მიაღწიონ. მთავარია საკუთარი გზა გქონდეს და არ აკოპირებდე სხვებს…“
ნაწყვეტი ინტერვიუდან:
– გაწუხებს, როდესაც შენს გარეგნობაზე ამდენს წერენ?
– არ ვკითხულობ, რას წერენ ჩემზე. არ მინდა, დამოკიდებული ვიყო სხვა ადამიანების აზრზე. არც ჩანაწერებს ვუსმენ, მუსიკა ცოცხალია კონკრეტულ მომენტში, ჩემს გრძნობაში… - აცხადებს პიანისტი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024