28/08/2024
16:41
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ივლისის ბოლოს იმყოფებოდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი.
გალში დაბადებული საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 1984-1989 წლებში სოხუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. 1990 წელს, როდესაც ქართული კლუბები საქართველოს ახლად შექმნილ ჩემპიონატს შეუერთდნენ, სოხუმის „დინამომ“, აფხაზური ფრთის ძალისხმევით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში გამოსვლა ამჯობინა. გუნდს 1990 წელს პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რიგით მეორე დივიზიონში, რისთვისაც კლუბს სპორტული თვალსაზრისით, დიდი შრომა დასჭირდა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გუნდი რვა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო გელა ინალიშვილი. მან გურამ გაბესკირიას (საქართველოს ეროვნული გმირის) ხელმძღვანელობით შექმნილ სოხუმის „ცხუმში“ გააგრძელა ასპარეზობა. შემდეგ გელა ინალიშვილს (1991-1997 წლებში) კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი გამოსვლა ჰქონდა თბილისის „დინამოს“ რიგებში (125 მატჩი, 51 გოლი).
რადიო თავისუფლების ცნობით, 2024 წლის ივლისში სოხუმში ჩასული გელა ინალიშვილი ე.წ. დინამოს (ოფიციალური კლუბი, „დინამო სოხუმი“ ამჟამად საქართველოს რეგიონულ ლიგაში თამაშობს) ხელმძღვანელმა ასტამურ ადლეიბამ წარუდგინა ადგილობრივ ფეხბურთელებს.
„როდესაც სოხუმის „დინამო“ გამოდიოდა [საკავშირო ჩემპიონატის] პირველ ლიგაში, ის [ინალიშვილი] იყო ამ შემადგენლობაში, იღებდა ყველაზე აქტიურ მონაწილეობს... იყო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი“, - აღნიშნა ადლეიბამ.
„დინამოსა“ და „ათონს“ შორის ამხანაგური მატჩის წინ ჩვენ მივესალმეთ სტუმარს, ყოფილ მოთამაშეს, სოხუმის „დინამოს“ ვეტერანს, გელა ინალიშვილს. ჩვენ ერთმანეთს გადავეცით საჩუქრები - გელა ინალიშვილმა კლუბს აჩუქა ბურთები, ჩვენ კი მას ვუსახსოვრეთ სოხუმის „დინამოს“ შარფი“, - წერია ე.წ. საფეხბურთო კლუბის ფეისბუკგვერდზე.
სოხუმში ფეხბურთელებთან ინალიშვილის შეხვედრას აფხაზური „ტელეგრამ“-არხები ერთი თვის დაგვიანებით გამოეხმაურნენ.
«Абхазский портал»-მა აღნიშნა, რომ გელა ინალიშვილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო, ადლეიბა - ბორის ადლეიბას შვილი, რომელიც 1978-1989 წლებში საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა და ხელი მოაწერა ლიხნის მიმართვას.
„ტელეგრამის“ არხმა ირონიულად დაწერა, რომ „ასეთი „თბილი“ შეხვედრის ორგანიზატორებს დაავიწყდათ, რომ გელა ინალიშვილი არა მხოლოდ საბჭოთა „დინამოს“ ფეხბურთელია, არამედ ის საქართველოს ქალთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მწვრთნელია და მანამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში გამოდიოდა [მან ათ მატჩში მიიღო მონაწილეობა. რედ.]. ხოლო, 1989 წელს, როდესაც ქართველებმა დაიწყეს აფხაზური სტრუქტურების ნაციონალური ნიშნით გაყოფა, „ქვეყანაში“ არსებითად ორხელისუფლებიანობის დამყარება, გაიყო სოხუმის „დინამო“, საიდანაც ქართველები წავიდნენ. მაშინ გელა ინალიშვილი „დინამოდან“ ქართულ გუნდში, „ცხუმში“ წავიდა. მაგრამ ამის შესახებ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა“, - დაწერა «Абхазский портал»-მა.
„ტელეგრამ“-არხების ავტორები ვარაუდობენ, რომ ინალიშვილმა აფხაზეთში ჩასვლის ნებართვა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურებისგან მიიღო.
„აქ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი - რატომ იყო აუცილებელი ინალიშვილის აფხაზეთში ჩამოსვლა და ის რა მიზნით გააცნეს ჩვენს ახალგაზრდებს? ნაკლებად სავარაუდოა, რომ გელა ინალიშვილი მათი გაწვრთნის, ამასთან, ის არც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. და კიდევ. მომავალში ჩვენს „ქვეყანაში“ საქართველოს, რომელ მოქალაქეს ჩამოიყვანენ?! ბიზნესმენები უკვე იმყოფებოდნენ; პრეზიდენტის მრჩეველმა ქართველი პოლიტიკოსები ხატთან ერთად ჩამოიყვანა; იმყოფებოდა მომღერალი, ახლა კი - ფეხბურთელი. ფაქტია, რომ ასლან ბჟანიამ [ე.წ. პრეზიდენტი] თავისი თანამოაზრეების ხელით დაიწყო ქართული პროგრამის, „ჩართულობა აღიარების გარეშეს“ და თავისი კონცეფციის, მრავალდონიანი მოლაპარაკებების რეალიზაცია“, - წერია „ტელეგრამ“-არხზე.
გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას გამოეხმაურნენ სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლებიც.
„ბატონო ინალიშვილო! არა, ეგ გუნდი არ არის შენი მშობლიური გუნდი, ეგ გუნდი უეფასთვის და ფიფასთვის არ არსებობს და თუ შენი ქვეყნის ერთიანობას უჭერ მხარს, არ უნდა ჩასულიყავი სოხუმში...“ - დაწერა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ.
2020 წელს იყო ინიციატივა სოხუმის ე.წ. დინამოსთან ამხანაგურ მატჩის გამართვის შესახებ, რასაც თბილისში მოქმედი ოფიციალური საფეხბურთო კლუბისგან, „დინამო სოხუმისგან“ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
„ვერანაირი ე.წ. სოხუმის დინამო ვერ ითამაშებს ვერანაირ ამხანაგურ მატჩს, რადგან ბუნებაში ერთი სოხუმის „დინამო“ არსებობს, რომელიც სადღეისოდ ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში და არის სფფ-ს (ფიფა-ს, უეფა-ს) იურიდიული სუბიექტი!
ნებისმიერი სეპარატისტული გუნდის თბილისში სტუმრობა, ფიფა-სგან და უეფა-სგან განხილული იქნება ჩვენ მიერ მათ ირიბ აღიარებად და მათგანაც შესაბამისი რეაქცია არ დაახანებს!“ - დაწერა სოხუმის „დინამომ“ 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გელა ინალიშვილს. იგი აფხაზეთში ჩასვლის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0