29/07/2024
18:23
სპორტი
2024 წლის პარიზის ოლიმპიური ოქროს მედლის ღირებულება 950 დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Forbes მედლის დასამზადებლად გამოყენებული მასალის რაოდენობასა და მათ სპორტულ ფასებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ოლიმპიადის გახსნამდე ორი დღით ადრე, 24 ივლისისთვის არსებული ოქროს, ვერცხლის და რკინის ფასის მიხედვით, ოლიმპიური ოქროს მედლის ღირებულებამ, დაახლოებით, 950 დოლარი შეადგინა.
Forbes-ის შეფასებით, ეს თამაშების თანამედროვე ისტორიაში ოლიმპიური ოქროს მედლის ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რაც, პირველ რიგში, ოქროზე მაღალმა გლობალურმა ფასმა განაპირობა. ოლიმპიურმა ოქროს მედალმა ღირებულებით რეკორდს პირველად 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის დროს გადააჭარბა, როცა ის 708 დოლარად შეფასდა. თუმცა, ოქროს ამჟამინდელი რეკორდული ფასიდან გამომდინარე, რამაც ივლისში უნციაზე 2 484 დოლარს მიაღწია, ყველა წინა ოლიმპიადის ოქროს მედლის ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
ოლიმპიური მედლის დიამეტრი - 85 მილიმეტრი, სისქე - 9,2 მილიმეტრია, ხოლო ოქროს მედალი 529 გრამს იწონის. თუმცა, მისი 95,4% (505 გრამი) რეალურად ვერცხლისგან არის დამზადებული. სუფთა ოქრო მხოლოდ მედლის მოსაპირკეთებლად გამოიყენება, რაც 6 გრამს შეადგენს, ხოლო 18 გრამი მედალში რკინისგან შედგება. ოქროს მედალი სუფთა ოქროსგან რომ ყოფილიყო დამზადებული, მისი ფასი დაახლოებით, 41 162 დოლარი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ბოლოს სუფთა ოქროს მედლები 1912 წლის ოლიმპიადის დაჯილდოების შემდეგ არ გამოუყენებიათ.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ოქროს მედალი ფრანგულმა საიუველირო სახლმა, Chaumet-მა დაამზადა, რომელშიც 18 გრამი ლითონი ეიფელის კოშკის მასალაა.
რაც შეეხება საპრიზო ფონდს, რომელსაც გამარჯვებული სპორტსმენები პარიზის ოლიმპიადაზე გამოიმუშავებენ, თამაშების ისტორიაში პირველად მძლეოსნობის საერთაშორისო მმართველმა ორგანიზაცია World Athletics-მა ოქროსმედალოსანი სპორტსმენებისთვის 2.4-მლნ დოლარის საპრიზო ფონდი დააწესა. თუმცა, როგორც წესი, გამარჯვებულებისთვის საპრიზო ჯილდოს მათი ქვეყნის მთავრობები და სპორტული ორგანიზაციები აწესებენ.
ამის მიუხდავად, World Athletics-მა განაცხადა, რომ მძლეოსნობის სახეობაში ოქროსმედალოსან თითოეულ სპორტსმენს, დამატებით, 50 ათას დოლარს გადასცემს. ჯილდო ოლიმპიადაზე ჯამში 48 სპორტულ ტურნირს შეეხება. აღნიშნულ საპრიზო ფონდს World Athletics ოთხ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიღებული შემოსავლიდან გამოყოფს, რის განკარგვაზეც კომიტეტისგან სრული ულებამოსილება უკვე მიიღო.
გამარჯვებული ოლიმპიელებისთვის დაწესებული ყველაზე დიდი პრიზებით შემდეგი ქვეყნები გამოირჩევა:
ჰონგ-კონგი (ჩინეთი ) - ოქროს მედლისთვის 750 000 დოლარზე მეტი;
სინგაპური - ინდივიდუალური გამარჯვებისვის 700 000 დოლარზე მეტი; თანაგულნდელთან ერთად გამარჯვებისთვის 1,1 მლნ დოლარი და გუნდურ თამაშებში 1,5 მლნ დოლარი;
ტაივანი - 600 000 დოლარზე მეტი და დაახლოებით 4 000 დოლარის უვადო ყოველთვიური სტიპენდია;
ინდოეთი - 90 000 დოლარი მთავრობისგან და დამატებით, დაახლოებით, 120 000 დოლარი ქვეყნის ოლიმპიური ასოციაციისგან;
აშშ - ოქრო 37 500 დოლარი, ვერცხლი 22 500 დოლარი და ბრინჯაო 15 000 დოლარი ოლიმპიური კომიტეტისგან, ხოლო ეროვნული სპორტული ორგანიზაციებისგან, კერძოდ, USA Wrestling-ის ფონდ Living The Dream Medal Fund-ისგან ოქროს მედლისთვის დამატებით 250 000 დოლარი და 75 000 დოლარი USA Swimming-ისგან.
სხვა ქვეყნები, რომლებიც თავიანთ ოლიმპიურ ჩემპიონებს ექვსნიშნა ფულად ჯილდოებს სთავაზობენ, არიან: ინდონეზია, ყაზახეთი, მალაიზია, მაროკო, იტალია, ფილიპინები, უნგრეთი, კოსოვო, ესტონეთი და ეგვიპტე.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს.
0
0