12/08/2023
13:54
ეკონომიკა
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა. ჯამურად 30 453 589 ლარად შეფასებულ 3 ლოტად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს - „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ და „ერ ტე დე“ - და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულებები 27 თებერვალს გაფორმდა. სარემონტო სამუშაოები 20 აპრილს დაიწყო და მერიის ცნობითვე 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
BMG დაინტერესდა - როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი და თბილისის მერიას შესაბამისი კითხვებით მიმართა. უწყების ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია-განახლება დასასრულს უახლოვდება.
„ამ დროისთვის, აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, ტროტუარებზე მიწისქვეშა კაბელ-არხების მოწყობა მიმდინარეობს, სადაც შემდეგ საჰაერო სადენების გადატანა მოხდება.
აღნიშნულ სარეაბილიტაციო არეალში, ასფალტის ქვედა ფენების დაგების და ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაოები გამზირის მეორე მხარეს გადაინაცვლებს, ხოლო რეაბილიტირებულ ნაწილში საგზაო მოძრაობა აღდგება“, - განაცხადეს მერიაში.
თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
"პროექტის დასრულების ვადა 2024 წლის იანვარია და სამუშაოები დათქმულ ვადებში უნდა დასრულდეს", - აცხადებენ მერიაში.
წყარო: BMG
0
0