29/09/2024
15:16
მსოფლიო
ჰასან ნასრალას გარდაცვალებასთან ერთად, რომელიც ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, “ჰეზბოლას“ გამოეცალა არა მხოლოდ მუდმივი ლიდერი, არამედ მიწაც ფეხქვეშ, - სწორედ ასე აფასებენ ანალიტიკოსები ისრაელის უნიკალურ სპეცოპერაციას.
“ის არ არის მხოლოდ სიმბოლო, ვინც იდგა ჯგუფის სტრატეგიული და სამხედრო აზროვნების უკან. ეჭვგარეშეა, რომ მის სიკვდილს სერიოზული შედეგები მოჰყვება“,- ამბობს BBC-თან საუბრში ბეირუთელი მიმომხილველი ზეინა ხოდრი.
ნასრალას გავლენის ფარგლები სცილდება ჰეზბოლას. მისი ოპონენტებიც კი ისრაელში და დასავლეთში აღიარებენ მას, როგორც მაღალ ფიგურას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში.
ნასრალა ჰეზბოლას 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, განსაზღვრავდა მის პოლიტიკასა და სამხედრო სტრატეგიას, აძლიერებდა მას ირანის დახმარებით და თეირანისგან გარკვეული ავტონომიის შენარჩუნებით.
ეკვივალენტური შემცვლელის პოვნა რთული იქნება. დაჯგუფებისთვის ვითარებას ამძიმებს ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციები და მზადება საქმის ბოლომდე მისაყვანად. ისრაელის ოპერაციების სერიის შედეგად ჯგუფმა დაკარგა მრავალი უმაღლესი მეთაური და მისი შიდა უსაფრთხოების სისტემა მნიშვნელოვნად შეირყა.
“ის იყო ის დამაკავშირებელი, რომელიც აერთიანებდა სწრაფად მზარდ ორგანიზაციას“, - აღნიშნავს კარნეგის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის ცენტრის უფროსი თანამშრომელი მოჰანად ჰეიგ ალი.
მისი აზრით, ნასრალას გარდაცვალებასთან ერთად სიტუაცია შეიცვლება ყველა დონეზე - თავად ჯგუფიდან დაწყებული, ირანის ეგიდის ქვეშ მყოფი მთელი ანტიისრაელული კოალიციით დასრულებული.
ჰეზბოლას მორალური სული გატეხილია, რამდენ ხანს გასტანს ეს?
ჰასან ნასრალა ჰეზბოლას სათავეში 1992 წელს, მისი წინამორბედის აბას მუსავის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა. მუსავიც ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უახლოეს დღეებში ჰეზბოლას რიგებში მთავარი პრობლემა სრული დემორალიზაცია იქნება, ამბობენ ექსპერტები.
ნასრალას გარდაცვალებამ, რომელიც ოსტატურად მალავდა თავის ადგილსამყოფელს დიდი ხნის განმავლობაში, აჩვენა ისრაელის სამხედრო და დაზვერვის უპირატესობა.
ბეირუთის დარტყმის შემდეგ, რომელმაც ის მოკლა, ჰეზბოლამ ისრაელს რამდენიმე რაკეტა ესროლა, შესაძლოა იმის დასანახად, რომ ის არ აპირებს უკან დახევას, მაგრამ ანალიტიკოსების შეფასებით, დაჯგუფებას კარგად ესმის, თუ როგორი გამანადგურებელი დარტყმა მიადგა.
”ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და ისრაელი იყენებს ამ შესაძლებლობას ჰეზბოლას ხელმძღვანელობის სტრუქტურისა და ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის,” - აღნიშნავს ლონდონის ეკონომიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ფავაზ გერგესი. მისი აზრით, ჰასან ნასრალას გარდაცვალების შემდეგ რეგიონში ჰეზბოლას გავლენა შემცირდება.
სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური მომავალი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰეზბოლას სამხედრო პოტენციალი ჰასან ნასრალას სიკვდილით დაზარალდეს. ირანს ესმის, რომ ნასრალას სიკვდილი სერიოზული დარტყმაა ირანის გავლენის მასშტაბებზე ლიბანში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ირანი, დიდი ალბათობით, ირანი ყველაფერს გააკეთებს სტატუს კვოს აღსადგენად.
ჰეზბოლა არა მხოლოდ რადიკალური მებრძოლი ჯგუფია, არამედ არის პოლიტიკური პარტიაც. ჰეზბოლა 2005 წლიდან ლიბანის მთავრობის ნაწილია და ამჟამად პარლამენტში 15 მანდატს ფლობს.
შესაძლო მემკვიდრე
ბევრი ექსპერტი ნასრალას ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ ჰაშემ საფიდინს მიიჩნევს.
ჰეზბოლასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, ის ასევე იმყოფებოდა ბეირუთზე ისრაელის ერთ-ერთი დარტყმის ეპიცენტრში და გადარჩა.
საფიდინი ჰასან ნასრალას ბიძაშვილია. დაჯგუფებაში დიდი გავლენა აქვს. ყველაზე თვალსაჩინო კი ჰასან ნასრალასთან ფიზიკური მსგავსებაა, რის გამოც არაოფიციალურად “ტყუპისცალსაც“ უწოდებენ.
საფიდინი ზედამხედველობს ჰეზბოლას პოლიტიკურ ფრთას და არის ჯგუფის ჯიჰადის საბჭოს წევრი. 2017 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საფიდინი ძებნილ ტერორისტთა სიაში დაამატა.
ის არაერთხელ დაემუქრა ისრაელს ესკალაციით და მოუწოდა მის მტრებს “მოემზადონ ტირილისთვის“.
0
0