01/01/2024
12:41
მედიცინა
2024 წლის პირველი იანვრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა.
კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა).
ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი. კერძოდ, სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით ასეთია:
ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;
რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;
ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;
ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;
მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა.
მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიურ კლინიკას უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე, ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი; ასევე სტომატოლოგიურ დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ასევე პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე.
0
0