03/10/2024
21:06
პოლიტიკა
ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სახით, გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება.
კერძოდ, კახა კალაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ შემოდის პოლიტიკურ სცენაზე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც დღეს, სიონში ახალი სასტუმროს და დასასვენებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული [პრემიერობის] კანდიდატი, ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც პარალელურად არის [ქართული ოცნების] საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ის შს მინისტრთან ერთად პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობაზე, სიმშვიდეზე, შესაბამისად, გუნდი, როგორც არის წარმომადგენელი, გაგრძელდება ასე, მომავალში”, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ სპეკულაციები უწოდა ინფორმაციასთან დაკავშირებულ კითხვას, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლება იგეგმება.
„ტყუილია ეს, არ არის ეს სწორი ინფორმაცია, ჩვეულებრივი სპეკულაციებია. საარჩევნო კამპანიაა და მცდელობა გაქვთ ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ტიპის სპეკულაციები შემოიტანოთ. როგორც გითხარით, ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის სახით და გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა”, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, კალაძეს ჰკითხეს, რომ არ იგეგმება მისი დასახელება პრემიერობის კანდიდატად, რაზეც უპასუხა: „ქალაქის მერი ვარ, ქალაქის არჩეული მერი“.
0
0