07/11/2024
11:30
სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
არ დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაციათა სარჩელები. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საია-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.
„ხმის მიცემის ფარულობა არ იყო გარანტირებული ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, დარინა სალდაძემ.
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან, მისივე შეფასებით, საჩივრები ეფუძნებოდა მხოლოდ მოსაზრებებს და საჩივრის ავტორთა პირად შეხედულებებს.
„საქმეში არ იყო წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულებები, რომლებიც ამ საჩივრების საფუძვლიანობას დაადასტურებდა“, – აღნიშნა ზვიად სურმანიძემ.
0
0