22/04/2024
22:58
სამართალი
ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულთა წრე გამოძიების პროცესში ახალი მტკიცებულებების, გარემოებებისა და ახალი გვარების გამოვლენის შემდეგ გაფართოვდა. საუბარია იმ ჯგუფზე, რომლის 7 წევრი, მრავალმილიონიანი თაღლითობის ბრალდებით, ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს, რამდენიმე დღის წინ კი, ამავე საქმეზე, ბრალი კიდევ 4 პირს წარუდგინეს.
ერთ-ერთი ქოლცენტრი, საიდანაც ევროპელ პენსიონერებს თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ძარცვავდნენ, მიცკევიჩის ქუჩაზე, ბიზნესცენტრში იყო განთავსებული. მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარეების ნაწილი ადგილზე სამართალდამცველების ყოფნას ადასტურებს, ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებებს უარყოფს.
გამოძიების ინფორმაციით, თაღლითური ქოლცენტრი თვეების განმავლობაში ფუნქციონირებდა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობაშიც. დღეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კომერციული ფართი დაკეტილი დახვდა. რამდენიმე დღის წინ დაკავებული ოთხი პირიდან ორი აქ, სავარაუდოდ, ოპერატორად იყო დასაქმებული, ერთი აიტი სპეციალისტად, მეოთხე კი მძღოლად და დაცვის თანამშრომლად იყო გაფორმებული.
0
0