26/03/2024
18:27
სამართალი
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლუკა გ.-ს.
საუბარია 2024 წლის 23 მარტს ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. პროკურატურა განზრახ მკვლელობის ჩადენას 47 წლის კაცს ედავება.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 31 წლის თამაზ გაგუას „არსებული უთანხოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლუკა გ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს“.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დუმილი არჩია. მისი გათავისუფლება 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ ითხოვა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ.
„არაერთგზის არის ნასამართლევი განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის,“ – ამას გაუსვა ხაზი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, როცა მან გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე დარბაზიდან გასული არ იყო, როცა ბრალდებულის დამ ბრალდებულისთვის მედიკამენტის გადაცემა ითხოვა.
ბრალდებულის დას მანდატურებმა ნივთის გადაცემის საშუალება არ მისცეს.
„შემდეგ გეტყვით“ – გვიპასუხა ბრალდებულის დამ, როცა მას მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ვკითხეთ. ის კატეგორიულად გამორიცხავს მკვლელობის კავშირს „ქურდულ სამყაროსთან“. მისივე თქმით, ბრალდებული მეტადონის პროგრამით მოსარგებლეა.
მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ვერსია ვერც პროკურორმა გვითხრა. საქმის მასალებში მხოლოდ „პირადი მოტივია“ აღნიშნული.
„მიმდინარეობს გამოძიება, დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით“, – რამდენჯერმე გაგვიმეორა ერთი და იგივე პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. მკვლელობის „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირზე არც პროკურორმა გასცა კონკრეტული პასუხი.
“ბათუმელები”
0
0