22/05/2024
20:07
სამართალი
დღეს რუსთავში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი და სიდედრი - მარიამ სოფრომაძე და ინგა ბეგაშვილი მოკლა. მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი და სიდედრი 9 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა.
გიორგი ფირაშვილი მკვლელობის ჩადენის შემდეგ ადგილიდან არ მიმალულა, ის დაკავებულია და გამოძიება სსკ-ს 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ოჯახის წევრის მიმართ განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც რუსთავში ჰყვებიან, "მარიამი და გიორგი 1 წლის წინ დაქორწინდნენ, ქმარი გოგონაზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც რამდენიმე თვეა მარიამი დედის სახლში დაბრუნდა".
"ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ, ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ ქმარი გოგონაზე ეჭვიანობდა. გიორგის დღეს სპეციალურად შეუძენია სანადირო თოფი და გამიზნულად მოუკლავს ცოლი და სიდედრი, სულ 5-ჯერ გაისროლა.
მკვლელობა 1 წლამდე ჩვილის თვალწინ მოხდა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ, როგორც ვიცი, თავად დარეკა პოლიციაში, ადგილიდან არ დაძრულა. ამ მკვლელობას ბევრი მოწმე ჰყავს, სკვერში ხალხი ირეოდა. ინგა მრავალშვილიანი დედაა, მარიამის გარდა 5 შვილი ჰყავს, რომელთაც მარტო ზრდიდა (ქმარს გაშორებულია).“
რა განცხადებას ავრცელებს შსს?
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებული ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო".
0
0