17/06/2023
10:33
სპორტი
დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება და მას პირველი არხი შემოგთავაზებს.
მატჩისწინა კითხვებს კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა გუშინ უპასუხა. მან გუნდის მოსამზადებელი ეტაპი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა მოთამაშე თავს ჯანმრთელად გრძნობს.
„თემურ ქეცბაია ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე გავიცანი. ის ძალიან საინტერესო ადამიანია და ვფიქრობ, მწვრთნელის რანგშიც რთულ მატჩს შემოგვთავაზებს.
ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობდა და მისთვის სიურპრიზის გაკეთება რთული იქნება, რადგან კარგად იცნობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. ვფიქრობ, რომ მიზანი 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს, ყველა სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.
ვფიქრობ, კვიპროსთან მატჩში კარში გიორგი მამარდაშვილი იქნება. ამ თამაშიდან გამომდინარე კი ვნახავთ, ვინ ითამაშებს გლაზგოში. ვინაიდან, მამარდაშვილი ამ დონეზე თამაშობს, ვფიქრობ, ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად მზად არის".
ამასთან, სანიოლს გუშინ არ დაუკონკრეტებია, ითამაშებს თუ არა დღეს ხვიჩა კვარაცხელია.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ქეცბაიამაც. მან საქართველოს ნაკრებს „მომავლის გუნდი“ უწოდა.
0
0