03/08/2024
00:26
სპორტი
პარიზის ოლიმპიური თამაშების 1/4-ფინალში, გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალში ფრანგ მეტოქე, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერთან იპონით დამარცხდა და დისკვალიფიკაცია მიიღო.
თუშიშვილის დისკვალიფიკაციის მიზეზი ორთაბრძოლის შემდეგ ძიუდოისტებს შორის ინციდენტი გახდა. შედეგად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ თუშიშვილი ვერც გუნდურ პირველობაზე იჭიდავებს, მის მაგივრად კი მძიმე წონაში მონაწილეობას ილია სულამანიძე მიიღებს.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა "liberation.fr" ამ ფაქტს გამოეხმაურა და აღინიშნა, რომ ტედი რინერის საქციელი მეტოქის დაუფასებლობა და უპატივცემულობა იყო.
"ვიცოდით, რომ გურამ თუშიშვილი, რომელსაც რინერთან ჭიდაობის არასოდეს ეშინოდა, თავის ბედს თამამად სცდიდა და რინერს არაფერს დაუთმობდა. ყველაფერი ასეც მიმდინარეობდა, პირველი 2 წუთის განმავლობაში ბრძოლა ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ძალიან მაღალი კლასის მქონე 11-გზის მსოფლიო ჩემპიონმა შეძლო და ქართველი ძიუდოისტი იპონზე დააგდო.
ყველაფერი კი აქედან დაიწყო. გამარჯვების შემდეგ, ტედი რინერმა მეტოქეს ენა გამოუყო, მეტოქეს, რომელთანაც აქამდე ურთიერთშეხვედრებში 3:0 ჰქონდა, თუმცა 2023 წელს, გორში, საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, თუშიშვილმა რინერი დაამარცხა, თუმცა არაუმეტეს 15 დღეში ეს გამარჯვება გაუუქმეს.
არავინ დაობს იმაზე, რომ ქართველ ძიუდოისტს ზედმეტი მოუვიდა, როდესაც ტატამზე დაგდებულ ტედი რინერს სახეში მოარტყა და ხელი დამამცირებლად გაუსვა სახეზე, თუმცა ტედი რინერის ეს ჟესტი მეტოქის უპატივცემულობას უსვამს ხაზს.
ფაქტი ერთია, რომ ის რაც დღეს ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მოხდა, ძალიან მიუღებელია ძიუდოს ღირებულებებისთვის..." - ვკითხულობთ liberation.fr-ი.
belive.ge
0
0