16/10/2024
17:26
სპორტი
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმანდ დუკა საქართველოს ნაკრებთან მატჩს გამოეხმაურა და თამაშის გარდა, ქართველი ქომაგების ქცევაზეც ისაუბრა, რომლებიც სტუმართა ჰიმნს არა, სტვენით როგორც ეს ტირანაში იყო, არამედ ტაშით შეხვდნენ.
არმანდ დუკა აცხადებს, რომ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის გადახდა მოუწევს.
„ფეხბურთი სწორედ იმით არის საინტერესო, რომ არასდროს იცი, როდის მოიგებ, როდის წააგებ და როდის ფრედ ითამაშებ. მინდორზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმ დონიდან გამომდინარე, რომელზეც ალბანეთის ნაკრები დღეს იმყოფება, ქომაგები ყველა მატჩში წარმატებას ელიან, თუმცა, ეს რთული მისაღწევია.
ცხადია, ვიცით გუნდები, რომელთათვისაც მოგების შანსი ლამის ყოველ თამაშში 80%-ს უტოლდება, თუმცა, ალბანეთის შემთხვევაში, ეს ასე ვერ იქნება, მით უმეტეს, რომ ერთა ლიგაში ისეთ ჯგუფში ვიმყოფებით, სადაც დაახლოებით თანაბარი დონის ნაკრებები არიან გაერთიანებულნი. იგივე საქართველოსთან მატჩში მოგებას კი ვგეგმავდით, თუმცა, შეიძლებოდა, ისეთივე შედეგი მიგვეღო, როგორიც ტირანაში დაფიქსირდა.
აუცილებლად უნდა ვთქვა იმ ინციდენტებზე, რომლებიც ჩეხეთთან და საქართველოსთან მატჩებში მოხდა. ჩეხეთში ჩვენი დროშები შეურაცხყვეს და ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მიუხედავად ამისა, არ მინდა ვთქვა, რომ ჩეხები ჩვენს წინააღმდეგ არიან. ეს კონკრეტული ვანდალების საქციელი იყო და ქვეყანასთან საერთო არაფერი აქვს.
იგივე უნდა ვთქვა სტვენაზე, რომელიც „ეარ ალბანიაზე“ საქართველოს ჰიმნის დროს ისმოდა. ეს არაადამიანებმა გააკეთეს. აღნიშნული არ უნდა მომხდარიყო და გამართლება არ აქვს. მაგალითად, საქართველოში ასეთი ხალხი არ აღმოჩნდა. მათი ფანები კორექტულად იქცეოდნენ, ალბანეთის ნაკრების ჰიმნის დროს კი ტრიბუნებიდან აპლოდისმენტები გაისმა. მათი საქციელი ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რთული გასაკეთებელი იქნებოდა ეს ქართველებისთვის მას მერე, რაც ტირანაში იხილეს, თუმცა, მათ ეს შეძლეს, ჩვენ კი ახლა, ჯარიმის გადახდა მოგვიწევს“, - განაცხადა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
0
0