06/02/2024
12:58
კონფლიქტები
რუსი პოლიტოლოგები, ექსპერტები და პოლიტიკოსები კომენტარს აკეთებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, ასაფეთქებელი ნივთიერების ტვირთის დაკავების შესახებ, რომელიც ოდესიდან ვორონეჟში რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით მიემართებოდა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსეი ჩეპა მიიჩნევს, რომ მოსკოვმა „მადლობა უნდა გადაუხადოს საქართველოს უკრაინული ასაფეთქებელი ნივთიერების დაკავებისთვის“.
მისი თქმით, ქართულმა სამსახურებმა კარგად გაართვეს თავი, მაგრამ საჭირო იყო გადაემოწმებინათ, ტვირთი შეგნებულად გაუშვა თუ არა რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ხელისუფლებამ.
„მადლობის [სიტყვები] უნდა ვუთხრათ საქართველოს საბაჟო სამსახურს, რომ მათ დროულად შენიშნეს ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს აბსოლუტურად სწორია, ხელშეკრულებების შესაბამისად. ეს არის სახიფათო ტვირთი, რომელიც შეიძლება ყველგან წავიდეს“, - თქვა მან.
ანტიტერორისტული დანაყოფი „ალფას“ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტმა, სერგეი გონჩაროვმა განაცხადა, რომ ეს სიტუაცია შეიძლება გახდეს „კარგი ფაქტორი“ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის.
„ვფიქრობ, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღება, ალბათ, მაინც, ჩვენი სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია. ქართველებმა მკაფიოდ იმუშავეს და ვფიქრობ, ეს კარგი პოლიტიკური ფაქტორია, რომ საქართველომ სახე რუსეთისკენ მიიბრუნოს და ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, - განუცხადა მან სახელმწიფო სააგენტო TASS-ს.
მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების და დეტონატორების ასეთი რაოდენობა შეიძლება გამოყენებულ იქნას "სერიოზული აფეთქებისთვის ვორონეჟის რეგიონის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე", როგორიცაა ელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები.
რუსული ანალიტიკური ცენტრი „კატეხონი“ აღნიშნავს, რომ თბილისის ქმედებები „საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის სრული ადეკვატურობის დემონსტრირებას ახდენს“.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის პრორუსული, ის ინარჩუნებს მინიმალურ სუვერენიტეტს, ხელს უშლის მთელი ქვეყნის რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევას და მკაცრად თრგუნავს ქვეყნის ანტირუსულ ტერორისტულ თავდასხმებსა და დივერსიებში გამოყენების მცდელობებს. საქართველოს პოზიცია ხსნის შესაძლებლობებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. მეორე მხრივ, სწორედ თბილისის დამოუკიდებელი პოზიციის გამო, შეერთებული შტატები შეეცდება აქტიურად გადაანაცვლოს ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი განვითარების პროდასავლური ვექტორის მხარდამჭერთა ქსელებზე დაყრდნობით“, - ნათქვამია ანგარიშში.
თბილისის როლი ტერაქტის აღკვეთაში რუსმა რადიკალმა ფილოსოფოსმა, ევრაზიულობის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა შეაფასა.
„ქართველები ყოჩაღ! ზოგადად, მათი პოზიცია ომის დაწყების შემდეგ, მოწმობს მათ ინტელექტს, თავშეკავებულობასა და გამჭრიახობას. მათ სწორად გაიგეს დასავლეთის მიმართ აღვირახსნილი მონდომების პოლიტიკის შედეგები (იხ. სოროს-სააკაშვილი) და დაიწყეს თავიანთი სუვერენიტეტის ფრთხილად აღდგენა“, - განაცხადა მან.
საქართველო ცდილობს გაატაროს პოლიტიკა, რომელიც ერთდროულად ყველას მოერგება, ამბობს ცარგრადის ტელეარხის პოლიტიკური კომენტატორი ანდრეი პერლა.
„საქართველო დღეს არ იცავს რუსოფობიურ პოზიციას. პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ორ სკამზე იჯდეს... ან არ ჩამოვარდეს იმ თოკიდან, რომელზეც ცეკვავს, იგივე თურქეთივით. საქართველო ცდილობს გაატაროს პოლიტიკა, რომელიც ერთდროულად ყველას მოერგება. ”- თქვა მან.
რუსეთის სამთავრობო უწყებებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
0
0