30/07/2024
17:03
სპორტი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მიღმა კიდევ არაერთი ქართველი ასპარეზობს, რომლებიც სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან.
ძიუდოისტთა შეჯიბრი 27 ივლისს დაიწყო და სამ აგვისტოს დასრულდება. ასპარეზობის პირველ დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძემ, რომელიც 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დასჯერდა. ის - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი როგორ უხდის მადლობას ქართველ ფალავანს.
ლუკა საქართველოდან საფრანგეთში დედასთან ერთად, ლტოლვილად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 12 წლის ასაკში წავიდა. ბიჭუნამ ფრანგული ერთი სიტყვაც კი არ იცოდა, მისთვის ადვილი არ ყოფილა უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევა და ოლიმპიურ მედლებამდე მისვლა.
"მიუხედავად ფინალში წარუმატებლობისა, მაინც ძალიან მიხარია... მაინც კარგია ვერცხლის მედალი. ვიბრძოლე იმ იარაღით, რაც მქონდა", - განაცხადა ძიუდოისტმა საფრანგეთის ტელევიზიის მიკროფონთან, ბრძოლის შემდეგ.
კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ოლიმპიადაზე ესპანეთის სახელით წასრდგება ნიკო შერაზადიშვილია. მას უკვე აქვს სამი მედალი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული და რამდენიმე ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან. ეს არ არის მისი პირველი გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე, შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით 2020 წლის ტოკიოს ილიმპიადაზე წასრდგა.
ესპანეთში ნიკოლოზს ხანდახან მხოლოდ "ნიკო შერას“ ეძახიან. ის თბილისში დაიბადა, 14 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს და 10 წელია, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეა. 2018 წელს შერაზადიშვილი გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც მოიპოვა ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ესპანურენოვან პოდკასტთან საუბრისას შერაზადიშვილმა განაცხადა, რომ ამაყობს, რომ ორი ქვეყანის წარმომადგენელია. "თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი დროშის ქვეშ ვიბრძვი“, - თქვა ნიკამ.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე 2 აგვისტოს წარსდგება.
ნიკოლოზ შერაზადიშვილის მსგავსად, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტია ტრისტან მოსახლიშვილიც, რომელიც ასევე ესპანეთის ღირსებას დაიცავს პარიზის ოლიმპიადაზე. მოსახლიშვილი თელავში დაიბადა და 2020 წლამდე საქართველოს სახელით ჭიდაობდა.
26 წლის მოსახლიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე მედლისთვის 31 ივლისს იბრძოლებს.
27 წლის თორნიკე ჭკადუაც ქართველი ძიუდოისტია, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე ნიდერლანდების სახელით წარსდგა. ის 27 ივლისს, - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში შამპ-დე-მარს არენაზე გამართულ შეჯიბრში ყაზახ ძიუდოისტს იელდოს სმეტოვს დაუპირისპირდა. ბრძოლა სმეტოვის გამარჯვებით დასრულდა. თორნიკე ჭკადუას ქართველი მშობლები ჰყავს, თუმცა იგი ნიდერლანდებში, კერძოდ კი ლეუვარდენში დაიბადა.
იგი საქართველოს საკმაოდ ხშირი სტუმარია და როგორც მედია წერს, საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. თორნიკე ჭკადუასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეორეა, მან პირველად ტოკიოში იასპარეზა, თუმცა იმჟამადაც უმედლოდ დარჩა.
აღსანიშნავია, რომ პარიზში სხვა ქვეყნების დროშებით კიდევ რამდენიმე ქართველი გამოდის, მათ შორის, უშანგი კოკაური, რომელიც საქართველოში დაბადებული ძიუდოისტია, იგი პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანს წარმოადგენს.
უშანგიმ 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც აზერბაიჯანის სახელით იჭიდავა.
კიდევ ერთი ძიუდოისტი, ვინც უცხო ქვეუნის სახელით გამოდის ვანო რევაზიშვილია, რომლის მამაც, გიორგი რევაზიშვილი ცნობილი ძიუდოისტია.
ვანო 2016 წლამდე შეჯიბრებებზე საბერძნეთის სახელით გამოდიოდა, 2018 წლიდან კი თურქეთში გადავიდა და ვედატ ალბაირაქის სახელით ასპარეზობს. იგი პარიზში მედლის მოპოვებას თურქეთის სახელით შეეცდება..
გორელი ნუგზარ ტატალაშვილი საქართველოს ნაკრებში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა.
2022 წლიდან კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის და პარიზის ოლიმპიადაზეც ამ ქვეყნის დროშით წარსდგა. ტატალაშვილმა ოლიმპიადაზე პირველად 2012 წელს საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.
საქართველოდან არის ოლიმპიადაზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი, ვაჰიდ ბორჩაშვილიც, მისი ძმა შამილიც ძიუდოისტია, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სწორედ ავსტრიის სახელით მოიპოვა. ბორჩაშვილები პანკისიდან არიან.
0
0