12/03/2024
14:32
ეკონომიკა
ხელნაკეთი ჩანთების ქართული ბრენდი Fredo Handmade, რომელსაც ქართულ ბაზარზე უკვე 9-წლიანი ისტორია აქვს, მალე ამერიკის ბაზარზეც გავა. კომპანია მომხმარებელს ორიგინალურ, ინდივიდუალურ აქსესუარებს - ხელნაკეთ ჩანთებს სთავაზობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დიზაინერმა, სოფი უზნაძემ რადიო „სივრცეს“ განუცხადა, ქართული კომპანია „ბარამი“ ამერიკაში მაღაზიას ხსნის და სწორედ ამ მაღაზიაში იქნება Fredo Handmade-ის პროდუქცია წარმოდგენილი.
„ცოტა ხნის წინ კომპანია „ბარამი“ გამოჩნდა, რომელიც ამერიკაში მაღაზიას ხსნის და სწორედ ამ მაღაზიის მეშვეობით მოხდება ჩვენი პროდუქციის ამერიკის ბაზარზე ექსპორტი. ამ პროექტში 40-მდე ქართული კომპანიაა ჩართული და ჩვენც, ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ. რაოდენობებზე სრული თავისუფლება მოგვცეს და პირველ ეტაპზე, საშუალოდ 20-მდე ჩანთის დამზადებას ვგეგმავთ, რომლიდანაც სასურველს თავად შეარჩევენ. ამასთან, ფასი ამერიკის ბაზარზე ის იქნება, რაც ამჟამად ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს. ჩვენთვის ეს ღირებულება სრულად მისაღებია“, ამბობს სოფი უზნაძე.
ბრენდი Fredo Handmade ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და კომპანიისთვის უცხოური ბაზარიც პერიოდულად ხელმისაწვდომია. თუმცა, როგორც სოფი უზნაძე ამბობს, მსგავსი მასშტაბური პროექტით ქართული წარმოების ხელშეწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„Fredo Handmade ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ დაარსების დღიდან, ჯამში, 2 ათასზე მეტი დიზაინის ჩანთა გვაქვს დამზადებული. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ უკვე დამზადებული ჩანთა შეიძინონ, ან კიდევ, თავად შემოგვთავაზონ, რა სახის ნაქარგის თუ ნახატის დატანება სურთ უკვე შერჩეულ ხელჩანთაზე, რომელიც ხისა და ტყავის კომბინაციით მზადდება. მათი ფასი, დაახლოებით 80-90 ლარის ფარგლებში მერყეობს. გვაქვს შეფუთვის სხვადასხვა ფორმაც,“ - ამბობს სოფი უზნაძე რადიო „სივრცესთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კომპანია ონლაინ გაყიდვებითაა დაკავებული. სოფი უზნაძე ამბობს, რომ ქართული ხელნაკეთი ბრენდებისთვის ამერიკის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობისთვის, არამედ მსგავსი მასშტაბური გასვლა უცხოურ ბაზარზე ქართული წარმოების პოპულარიზაციასაც ნიშნავს.
ინფორმაციისთვის, კომპანიაში ამ დროისთვის 3 ადამიანია დასაქმებული.
0
0