14/11/2024
12:24
პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებებმა და ქმედებებმა სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ნაბიჯებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში ანექსიის თვალსაზრისით დგამს.
როგორც მან აღნიშნა, „ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვპირდებოდა, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა.
ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია, იმისთვის, რომ რუსეთთან ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს მიაღწევს.
„ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ აჩქარდა, ძალიან დამძიმდა. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოსახულება იყო 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და პარასკევს, 15 ნოემბერს, აფხაზეთში, აფხაზურ პარლამენტში ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას ეყრება კენჭი. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს. ეს ხალხი არანაირი განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პოლიტიკურ ძალას, რომ ყურადღება მივაქციოთ რაც დღეს აფხაზეთში ხდება. ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ოცნებამ“ სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს: 1. ეს იყო ბოდიში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია იმის დასადასტურებლად, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 2. პრემიერის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ, ყველასთვის ნათელი იყო ეს კამპანია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გავლით, ახალი მეორე ფრონტის გახსნას, თურმე დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ. ამ ყველაფერს ერთად, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ დღეს, რუსეთის ფედერაცია ოფიციალურად ითხოვს საქართველოსგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საზღვრების დელიმიტაციის დაწყებას და მეორე, ოფიციალურად, ითხოვს, ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის აღიარების პროცესის დაწყება. თავი რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც აფხაზეთში ხდება. საბოლოო ჯამში, „ოცნება“, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მან უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, „ოცნების“ განცხადებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს რუსეთის ფედერაცია მათ იყენებს იმ ნაბიჯების გასასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში. საბოლოო ჯამში, ოფიციალურად, უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი რესურსი არ გააჩნია, იმისთვის, რომ რუსეთთან ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაიმე შეთანხმებასა ან პროგრესს მიაღწევს. ერთადერთი რაც „ოცნებასა“ და ივანიშვილს უნდათ, ესაა რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ. ესაა მათი მთავარი მიზანი. რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. 15 ნოემბერს კი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ ე.წ. კანონპროექტის რატიფიკაციისაა დაგეგმილი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024