09/11/2024
17:18
პოლიტიკა
არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება.
მისი თქმით, მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებაა, რაც მხოლოდ ერთობით და სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობით უნდა იქნას მიღწეული.
„ის, რომ პარტია არ არის აქციების ორგანიზატორი, თუმცა აქციებს, როგორც მოქალაქეები, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად ვუერთდებით, ეს ახალი არ არის, ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც კონსტიტუციური უფლებაა, იყოს გამოხატული იმ სარეთო მიზნისთვის, რასაც ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადარჩენა ჰქვია ხელახალი არჩევნებისთვის. არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ გვაქვს, მათ შორის, ჩვენი განსხვავებული ხედვა, რომელსაც გიორგი გახარია აცნობს როგორც ჩვენს ამომრჩეველს, ისე საზოგადოებას და წინააღმდეგობის ამ ფორმაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვიღებთ მონაწილეობას.
„ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყანა შეიყვანეს მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, დამატებითი უსაფრთხოების რისკების შექმნის გზით, ამიტომ ჩვენი გუნდიდან გამოვრიცხავთ ვინმეს პარლამენტში შესვლას და ეს შეგვიძლია მკაფიოდ გითხრათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებშიც ასეა, თუმცა ეს მათ უნდა თქვან. მთავარი მიზანი, რასაც ქვეყნის ევროპულ გზაზე, დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება ჰქვია, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთობით და სხვადასხვა წინააღმდეგობის განზომილების გამოყენებით შევძლებთ“, - განაცხადა აქუბარდიამ.
0
0