11/07/2024
14:57
სამართალი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ მომზადებული „ამნისტიის პროექტის“ შესახებ.
ტექსტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით, ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.
ჯამში სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
- პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
- სასჯელის ½-ით შემცირება;
- სასჯელის 1/4-ით შემცირება;
- სასჯელის 1/6-ით შემცირება;
- და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
„ამნისტიის პროექტით სიახლის სახით გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წესს“, - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
კონკრეტული მუხლების ჩამონათვალი, რომლებზეც ამნისტია გავრცელდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ვის შეეხება ამნისტია და ვის არა?
ამნისტია არ შეეხება:
- მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
- ნარკორეალიზატორებს;
- სქესობრივ დანაშაულებს;
- ყაჩაღობას;
- ტერორიზმს;
- კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს;
- ქურდულ სამყაროს;
- კონვენციურ დანაშაულებს;
- ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ ცნობით, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით, 7 000 პირს.
კანონის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე. კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
„თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენის დროს გავიზიაროთ“, - აცხადებს ქართული ოცნება“.
პროექტის ავტორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან შსს-ს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მონაწილეობით მომზადდა ამნისტიის პროექტი.
0
0