09/09/2024
22:06
კულტურა
ქართული კინო ვენეციაში, 28 წლის შემდეგ, ტრიუმფით დაბრუნდა - დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "აპრილი", რომელშიც მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს, ბიენალეს მიერ დაწესებული 7 მთავარი პრიზიდან, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.
ქართულმა ფილმმა, რომელშიც, სუხიტაშვილის გარდა, ქართველი ვარსკვლავები - მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი თამაშობენ, კინოკრიტიკოსების გარდა, მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
მსგავსი აღიარება, ბოლოს, ვენეციის კინოფესტივალზე, 1996 წელს, ოთარ იოსელიანს ჰქონდა ფილმისთვის " ყაჩაღები."
28 წლის შემდეგ, კინოსამყარო ქართულ ფილმზე დეა კულუმბეგაშვილმა აალაპარაკა. მსოფლიოს უძველეს კინოფესტივალზე წარმატებას წინ უძღოდა რთული მოსამზადებელი პერიოდი, მათ შორის - ია სუხიტაშვილის მუშაობა ლაგოდეხის საავადმყოფოში, რომელიც მსახიობს როლში ბოლომდე შესასვლელად სჭირდებოდა.
"აპრილი", რომელმაც ვენეციაში ქართული დროშა ააფრიალა, ახალ აღიარებას ჯერ ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე, შემდეგ კი, ნიუ იორკსა და სან სებასტიანში ელოდება.
საერთაშორისო კინოკრიტიკოსების მოლოდინები გამართლდა - პალაცო დელ სინემას დარბაზში, 28-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი რეჟისორის სახელი და გვარი ისევ გაჟღერდა. ფილმმა "აპრილმა" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. მთავარი პერსონაჟის - სოფლის მეან-გინეკოლოგის როლზე ია სუხიტაშვილი, რეჟისორთან ერთად, თითქმის 3 წელი მუშაობა. ესწრებოდა მშობიარობის პროცესს და რეგიონებში მცხოვრები ქალების პრობლემებს ისმენდა.
პატრიარქალური სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლი ქალი - თავდადებული, მისტიკური და უცნაური - ასე ახასიათებს მსახიობი თავის პერსონაჟს, რომელიც არაერთხელ დადგა დილემის წინაშე. ამბავი მეან გინეკოლოგზე, რომელიც სიღარიბეში მცხოვრებ ქალებს არალეგალურად, თუმცა კეთილი ზრახვით, აბორტს უკეთებს... მთავარი პერსონაჟის ცხოვრება კი მაშინ იცვლება, როდესაც, მკვდარი ჩვილის დაბადების შემდეგ, გამოძიება იწყება.
ნინას ტრაგიკული ცხოვრებისა და ფილმში წამოჭრილი პრობლემების გარდა, კინოკრიტიკოსების ყურადღებას "აპრილის" ოპერატორის ნამუშევარიც იპყრობს. დეა კულუმბეგაშვილის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. მსახიობი ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვებით გამოწვეულ ემოციებს იხსენებს.
ვენეციის ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული ფილმები ბოლოს მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა - ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე" და ოთარ იოსელიანის "ყაჩაღები". წლების შემდეგ, პრესტიჟული ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზი დეა კულუმბეგაშვილს გადასცეს.
ვენეციის ფესტივალის ტრიუმფატორი წელს პედრო ალმადოვარი გახდა. ესპანელმა რეჟისორმა მთავარი პრიზი - ოქროს ლომი, ევთანაზიის თემაზე, თავისი პირველი ინგლისურენოვანი დრამისთვის მიიღო.
“რუსთავი2”
0
0