01/09/2022
16:54
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ, ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და განადგურების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო.
მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა. ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები.
პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით (სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0
0