23/02/2023
12:58
ეკონომიკა
ომი გაგრძელდება მანამ, სანამ დასავლეთი „არ გაიგებს“, რა უნდა გააკეთოს რუსეთის ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით - კრემლის კრიტიკოსი
უკრაინაში თითქმის ერთწლიანი ომის განმავლობაში, დასავლეთი რუსეთის ეკონომიკის განადგურებას უპრეცედენტო სანქციებით ცდილობდა. გამოდგა თუ არა დასავლური სანქციები ეფექტური ან შეიძლება თუ არა, რომ რუსეთის ეკონომიკაზე კიდევ უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდეს?
ფინანსისტი ბილ ბრაუდერი, რომელიც წარსულში ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორი იყო რუსეთში, ახლა კი - კრემლის კრიტიკოსია, თვლის, რომ სანქციები ძალიან გვიან განხორციელდა. მისი შეფასებით, სანქციები, როგორც შემაკავებელი ზომები, შეიძლება იყოს „ძალიან მკაცრი“, მაგრამ დასავლეთმა ისინი სასჯელად გამოიყენა, რაც შეცვლის ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელ აზრს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.
„ის [პუტინი] ყოველთვის მძიმე კრიმინალი იყო, რასაც ათი წელია, საჯაროდ ვაცხადებ. ეს კაცი ბევრად უარესია, ვიდრე თქვენ გგონიათ. მისი შეკავება მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს“, – განუცხადა ბილ ბრაუდერმა Sky News-ის ჟურნალისტს.
მან განმარტა, რომ მოსკოვს რამდენიმე კატეგორიის სანქციები დაუწესდა, მათ შორის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა, რამაც ხელი შეუწყო დასავლეთში რუსეთის ფინანსური საქმიანობის შეჩერებასა და მისი საომარი გეგმების დაფინანსებას.
„მაგრამ "სპილოს" როლს მაინც ნავთობი და გაზი ასრულებს. რუსეთი ყოველდღიურად ყიდის 500 ათასიდან 1 მილიარდ დოლარამდე ღირებულების ნავთობსა და გაზს დასავლეთსა და აღმოსავლეთში, და შემდეგ ეს ფული უკრაინელების დასახოცად გამოიყენება,“ - თქვა ბილ ბრაუდერმა.
0
0