19/10/2024
11:06
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის ბრაზილიაში 18-19 ნოემბერს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, სამიტში მონაწილეობაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი მისი დაპატიმრების შესახებ, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ამ ფაქტორის განეიტრალება შესაძლებელია.
როგორც პუტინი ამბობს, იმისათვის, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განჩინებები არ აღსრულდეს, დაინტერესებულმა ქვეყნებმა ერთმანეთთან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რომელსაც უფრო დიდი იურიდიული ძალა ექნება, თუმცა ამგვარი დოკუმენტი ბრაზილიასთან გაფორმებული ჯერ არ არის.
რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. ბრაზილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.
0
0