04/07/2024
00:06
სამართალი
გენერალურმა პროკურატურამ მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეზე დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "მთის ამბები" ავრცელებს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს, პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ.
გამოცემის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილი 2024 წლის 23 იანვარს დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ჟურნალისტი თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესის გასაშუქებლად 2 წუთის მისული იყო, როდესაც დააკავეს. მას თავისუფლება 6 საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებად წარადგინა კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს გადაღებული ვიდეო, თუმცა დროის იმ მონაკვეთში გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე საერთოდ არ ყოფილა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გაიზიარა დამკავებლებიდან ერთ-ერთი პოლიციელის, ანრი ფხაკაძის ცრუ ჩვენება....
შსს-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა მთივლიშვილის მხრიდან კანონის დარღვევის დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი, რომელიც სამხრე კამერით ან კეკელიძის ქუჩაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით იქნებოდა გადაღებული. სანაცვლოდ, ჟურნალისტის ადვოკატებმა მარიამ პატარიძემ და ვლადიმერ ქუთათელაძემ მოსამართლეს წარუდგინეს თავად ჟურნალისტის მიერ, ტელეფონით გადაღებული უწყვეტი ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ მთივლიშვილს საერთოდ არ ჰქონია სიტყვიერი კომუნიკაცია და მითუფრო ფიზიკური შემხებლობა პოლიციელებთან, მათგან 3-4 მეტრით იყო დაშორებული, არაფერი უთქვამს და მხოლოდ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესს იღებდა...
გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი დაზარალებულად გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ცნო," - წერს გამოცემა.
გელა მთივლიშვილი იმ ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც ის უკანონოდ დააკავეს. პოლიციელებს პროკურატურაში უჩივის სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამოც.
0
0