02/12/2022
12:21
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე აღნიშნა, გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.
„თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო.
აღნიშნული გზით, ბრალდებულმა დაუსაბუთებელი და არალეგალური შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც ამ უკანასკნელს არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირების დადგენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – განაცხადეს უწყებაში გამარფთულ ბრიფინგზე.
0
0