30/11/2021
17:42
სამართალი
მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს „თბილისის ტრეიდერთა კლუბი“ და შპს „ფორექს ინვესტი“. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განისაზღვრა.
„ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები - შვეიცარიული ბანკი და ბრიტანული კომპანია. მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად, ბრალდებულებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან არანაირი სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ და მოქალაქეთა მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში - 2014-2018 წლებში, დაახლოებით 3000-მდე მოქალაქის მიერ კომპანიის ანგარიშებზე სავაჭროდ შეტანილმა თანხამ შეადგინა - 27 533 986 ლარი, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ - 12 730 434 ლარს.
„ბრალდებულებმა, მიღებული უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ფულადი თანხა მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს. დაკავებულებს ბრალდება - თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. ვინაიდან ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი თაღლითური სქემებით მოქალაქეთა ქონებრივი დაზიანების ფაქტები, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0