11/11/2024
17:23
პოლიტიკა
"პროკურატურა აცხადებს მარტივ რამეს - მოდით, ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ან არ მიდიან საერთოდ პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებით თავსმოხვეული თემაა და გამოძიებაზე საუბრით ოპონენტები ცდილობენ, მოვლენები წარმოაჩინონ ისე, თითქოს განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს.
"რაც შეეხება ზოგადად, გამოძიებას, ცესკომ მიმართა პროკურატურას, პროკურატურას ჰქონდა მყისიერი რეაგირება, დაიწყო გამოძიება, შემდეგ იყო მოწოდება, იგივე სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას მიეცა შესაბამისი ჩვენება პროკურატურისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ეს მოწოდება, თუმცა ამისგან სალომე ზურაბიშვილმა თავი შეიკავა. ამას აქვს ერთადერთი ახსნა - არის ზეპირი საუბრები, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე და ამიტომ ვერ მიდიან ისინი პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არსებობს არავითარი არგუმენტი. რაც შეეხება გამოძიების თემას, ესეც რაღაც თავსმოხვეული თემაა, გამოძიებაზე საუბრით ცდილობენ, წარმოაჩინონ მოვლენები ისე, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა თუ განსაკუთრებული რისკები უკავშირდებოდა ამ არჩევნებს. სინამდვილეში, ეს გამოძიებაც არის თითიდან გამოწოვილი თემა, თუმცა ჩვენ ამ თითიდან გამოწოვილ თემასაც გავყევით. თუ სადმე არის გამოსაძიებელი არჩევნები, ეს არის მაგალითად, მოლდოვაში. როგორც ხედავთ, არავითარი გამოძიება არ წარიმართება მოლდოვაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან უხეში ხარვეზები საარჩევნო პროცესში. ასევე აშშ-ში ვხედავდით, რა რეჟიმში წარიმართებოდა საარჩევნო პროცესი. ხმის ფარულობაზე როცაა საუბარი, პრაქტიკულად, საერთოდ არ იყო შტატების დიდ ნაწილში უზრუნველყოფილი ხმის ფარულობა, აღარაფერს ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირადობის მოწმობების გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა ბევრ შტატში და მაინცდამაინც, ისე აღმოჩნდა, რომ შესაბამის შტატში ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატი იღებდა ხოლმე მეტ ხმას, ვიდრე მეორე კანდიდატი. თუ სადმე არის გამოსაძიებელი, ჯერ სხვა ქვეყნებით უნდა დავიწყოთ, რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი ვართ ყველაფრისთვის, აბსოლუტურად ღია ვართ და ამისი გამოვლინებაა პროკურატურის დამოკიდებულებაც. პროკურატურა აცხადებს მარტივ რამეს - მოდით, ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის იმ ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ან არ მიდიან საერთოდ პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.
0
0