01/01/2024
21:13
სხვადასხვა
რა არის პროკრასტინაცია?
ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა და საქმეები, რომლებიც გარკვეულ, დათქმულ დროში უნდა დაასრულოს.
მაგალითად, სკოლის მოსწავლეს შეიძლება დავალება ჰქონდეს დასაწერი შემდეგი ორი კვირის ვადაში, ან სტუდენტს ჰქონდეს საგამოცდოს საკითხები გადასამეორებელი, ან თუნდაც ვინმეს ახალ წლამდე მანქანა ჰქონდეს გასარეცხი.
დავალებების და საქმეების უმეტესობას კი გააჩნია გარკვეული დრო, თუ რა ვადაში უნდა მოვასწროთ საქმის/დავალების შესრულება და პრობლემაც სწორედ აქ ჩნდება...
ხშირად ჩვენ ამ საქმის გაკეთებას ბოლო წუთამდე არ ვიწყებთ; უფრო მეტიც, ვეძებთ არარსებულ, უაზრო მიზეზებს და თავის შექცევას იქმადე, სანამ უკვე აშკარა პრობლემის წინაშე არ დავდგებით - ამას პროკრასტინაცია ეწოდება.
პროკრასტინაცია ადამიანთა უმეტესობას ახასიათებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილს გააჩნია პუნქტუალობა და დროის მართვის კარგი უნარი. უმეტესობა უბრალოდ ბოლო წუთამდე იცდის და ბოლო წუთზე ცდილობს იმპროვიზაციულად საქმის რაღაც დონეზე შესრულებას მაინც.
2004 წლის კვლევებით აღმოაჩინეს, რომ სტუდენთა 70% თავს სისტემატიურ პროკრასტინატორად მიიჩნევდა, მაშინ, როდესაც 1992 წელს მხოლოდ 52% იყო პროკრასტინატორი, ხოლო 1984 წელს 46%. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად პროკრასტინაციაც უფრო და უფრო სერიოზული პრობლემა ხდება საზოგადოების ცხოვრებაში.
ეს შემთხვევითი სულაც არ არის…
ის რომ საზოგადოების უმრავლესობა სისტემატურად იქცევა ერთნაირად ირაციონალურად, ამას გარკვეული ფსიქოლოგიური თუ ემოციური ფაქტორები განაპირობებს. პროკრასტინაციის ფსიქოლოგია კარგად შესწავლილი საკითხია და მისი მიზეზებიც ცნობილია.
პროკრასტინაციის ფსიქოლოგიური მიზეზები:
პროკრასტინაციის დროს ჩვენ არ ვაკეთებთ რაიმე დავალებას, საქმეს, როდესაც ამის პარალელურად გააზრებულიც გვაქვს, რომ ჩვენი ქმედება პრობლემას გამოიწვევს. ერთი შეხედვით ეს ძალიან არაგონივრული, ირაციონალური ქმედებაა, მაგრამ რეალურად ეს ჩვენი სხეულის ბრალია, რომელიც ჩვენ დაცვას ცდილობს და თავს გვარიდებინებს ამ საქმის შესრულებისგან, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ „საფრთხედ“.
ამიგდალადან, ჩვენი ტვინის ერთ-ერთი ნაწილისგან, რომელიც პასუხისმგებელია საფრთხის იდენტიფიკაციაზე, გარკვეულ ჰორმონებს გამოყოფს ადრენალინთან ერთად, რაც გონებისთვის ერთგვარ პანიკას, შიშს ქმნის. თუ კი ამიგდალადან წამოსულმა სიგნალებმა დაძლია წინა კორტექსტიდან წამოსულ იმპულსებს, რომლებიც ემოციების მართვას ცდილობენ და რაციონალურობაზე აგებენ პასუხს, მაშინ ჩვენ ვიწყებთ თავის არიდებას, პროკრასტინაციას დავალების შესრულებისგან, რომელიც ერთგვარად ჩვენი ინსტიქტია. როდესაც ადამიანს ეშინია, ის ან იბრძვის ან გარბის. პროკრასტინაცია კი გაქცევაა.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ ის დავალებები, რომლებსაც რთულად, გამომწვევად და სტრესულად მიიჩნევენ ადამიანები, შემდეგ პროკრასტინაციის მსხვერპლნი ხდებიან. ადამიანი ცდილობს გაექცეს ისეთ საქმეს, რომელიც მასში ნეგატიურ ემოციებს აღძრავს.
ის ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ემოციების კონტროლი და თავდაჯერებულობის პრობლემები აქვთ, უფრო ხშირად არიან პროკრასტინატორები.
პროკრასტინაცია სიზარმაცეს არ ნიშნავს - სიზარმაცის დროს ადამიანი უბრალოდ არაფერს აკეთებს, პროკრასტინაციის დროს კი ადამიანი შეიძლება ყველაფერს აკეთებდეს გარდა დავალებული საქმისა.
პროკრასტინაცია არც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ ადარდებს დავალება და პასუხისმგებლობა, არამედ ხშირად პირიქითაც კი არის. ადამიანს შეიძლება იმდენად ადარდებდეს თავისი საქმე, რომ ეშინოდეს მისი ცუდად, თავისთვის მიუღებელი სტანდარტით შესრულება, ამიტომაც გაურბოდეს მას. პროკასტინატორთა უმეტესობას დავალების ვერ შესრულების შიში აქვს.
საბოლოოდ მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, პროკრასტინაციის შედეგი ერთია - ის ადამიანები, რომლებიც სისტემატურად პროკრასტინირებენ ხშირად განიცდიან დეპრესიასა და შფოთვას. ამგვარი ქცევა დამაზიანებელია ყველასთვის და ყველგან. სისტემატური პროკრასტინაცია დააზიანებს ნებისმიერი ადამიანის როგორც აკადემიურ მოსწრებას, ისე სამსახურეობრივ კარიერას, ამიტომაც საჭიროებს აღმოფხვრას.
პროკრასტინაციისგან გადაჩვევის გზები/საშუალებები:
ადრე ფიქრობდნენ, რომ პროკრასტინაციისგან გადასაჩვევად საჭირო იყო მკაცრი გრაფიკის შედგენა, დისციპლინა და რეჟიმში ჩადგომა, მაგრამ დღეს ფსიქოლოგები ამ აზრს აღარ იზიარებენ.
მკაცრი გრაფიკის შედგენა და საკუთარი თავისადმი მკაცრი მიდგომა დამატებითი პასუხისმგებლობა და სტრესი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს „შიშის“ ფაქტორი და პროკრასტინაციას მეტი ბიძგი მისცეს.
პროკრასტინაციის გადასაჩვევად რამდენიმე გზა არსებობს:
1. დავალებების პუნქტებად დაშლა და მათი თანდათანობით შესრულება;
2. მიზეზებზე ფიქრი, თუ რატომ ვცდილობთ ამა თუ იმ დავალების თავიდან არიდებას - რა გვაშინებს, ან ამ დავალების რომელ ელემენტებს, რა მიზეზით ვერიდებით;
3. ყურადღების გადამტანი საგნების მოშორება - დავიწყება მაშინ, როდესაც დავალების შესრულებას აპირებთ. სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტს მარტივად შეუძლიათ ყურადღების იმპულსურად მიპყრობა, რაც პროკრასტინაციისგან თავის დაღწევას კიდევ უფრო ართულებს…
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
გამოყენებული წყაროები:
https://www.youtube.com/watch?v=FWTNMzK9vG4
https://www.psychologytoday.com/us/basics/procrastination
https://procrastination.com/what-is-procrastination
0
0