12/12/2022
21:50
ეკონომიკა
“პრემიერი ისევ ტყუის, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ მამოძრავებს, ანაკლიის პორტი აშენდეს” - ასე გამოეხმაურა სპეციალური განცხადებით “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრალდებებს.
„თუ 51 პროცენტში სახელმწიფოს 300-350 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის პროექტში, გაეცათ საერთაშორისო ბანკებისთვის 50 მილიონი დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა. ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული. სად არის აქ ლოგიკა?
ტყუილი ძალიან მძიმე მოსასმენია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ამას აკეთებს პრემიერ-მინისტრი. ძალიან ბევრი სიცრუე მოვისმინე. გასაკვირი ის არის, რომ ღარიბაშვილი ისეთ ტყუილებს ამბობს, რომლის გადამოწმებაც უმარტივესია, მისი ნათქვამი ყველა ინფორმაცია საჯაროა", წერს მამუკა ხაზარაძე ვრცელ წერილში.
“ლელოს” ლიდერი განცხადების დასასრულს ამბობს, რომ მისთვის მთავარია, ანაკლიის პორტი აშენდეს.
"სამი წელი გავიდა და არც მე და არც ბადრი აღარ ვართ ანაკლიის პროექტში. ბოლო სამი წელია, მესმის მთავრობის მხრიდან ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ტყუილი. კეთდება განცხადებები და რჩება განცხადებებად. გასაგებია, ეს მთელი ეპოპეა, რაც ჩვენს წინააღმდეგ მათ განახორციელეს, მაგრამ მე ერთი რამ მამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ – მთავარია ანაკლიის პორტი აშენდეს!“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება. „ხაზარაძე-ჯაფარიძემ ხუთ წელში ვერ შეასრულეს ვერცერთი ვალდებულება, ანაკლიის პორტი არ ააშენეს და დღეს ქვეყანას, ხალხს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0