17/01/2022
12:32
მსოფლიო
კრიტიკოსების აზრით, პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნება ზელენსკის მთავრობასთან დაპირისპირებას იწვევს, რაც ყურადღების არასწორ გაფანტვად აღიქმება იმ დროს, როდესაც უკრაინა რუსეთთთან შესაძლო სამხედრო შეტევისთვის ემზადება და დასავლელ მოკავშირეებს მხარდაჭერას სთხოვს. მანამდე, დასავლელმა დიპლომატებმა უკრაინელებს პოლიტიკური ერთიანობისკენ მოუწოდეს.
პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა (გამოძიება 2014-15 წლებში მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს) და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. მისმა პარტიამ კი ზელენსკი პოლიტიკური ოპოზიციის „იძულებითი გაჩუმების“ უგუნურ მცდელობაში დაადანაშაულა.
„ციხეში არ ჩავჯდები, რადგან ჩემი დაპატიმრების მიზეზი აბსოლუტურად ნულოვანია... უკრაინაში სამშობლოს დასაცავად ვბრუნდები და არა ზელენსკისთან საბრძოლველად“, - განუცხადა პოროშენკომ ვარშავაში ჟურნალისტებს.
ზელენსკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პროკურატურა და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და პოროშენკო კანონისადმი დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა.
პარასკევს, ზელენსკის შტაბის უფროსმა ანდრეი იერმაკმა უარყო განცხადებები, თითქოს ზელენსკი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მსგავსად იქცევა, რომლის პოლიტიკური კონკურენტი, იულია ტიმოშენკო, 2010 წლის დეკემბერში დააპატიმრეს.
პარალელურად, უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნის საზღვრებთან ათი ათასობით რუსული ჯარისკაცის განლაგების გამო განგაში ატეხეს. შეერთებულმა შტატებმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი თავდასხმისთვის საბაბს ეძებდა, რასაც კრემლმა "უსაფუძვლო ბრალდება" უწოდა.
„ჩვენ ვითხოვთ მთელი დემოკრატიული ძალების გაერთიანებას უკრაინის დასაცავად... მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ ერთიანობისადმი - დემოკრატიული, სანდო ოპოზიციური ძალების შესაძლებლობისადმი “, - განაცხადა პოროშენკომ.
ორშაბათს, პოროშენკოს ვარშავიდან კიევში დაბრუნება გერმანიის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის ვიზიტს დაემთხვა, რომელიც მოლაპარაკებებისთვის სამშაბათს მოსკოვში გაემგზავრება.
უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, ბიზნესმენი პეტრო პოროშენკო პროდასავლური მთავრობის მეთაურად მას შემდეგ აირჩიეს, რაც 2014 წელს მაიდანის ქუჩაზეგამართული საპროტესტო აქციების შედეგად, იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადადგა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოროშენკო 2019 წელს გამართულ არჩევნებში დაამარცხა, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში კორუფციის აღმოფხვრისა და ოლიგარქების გავლენის შეჩერების მიზნით ჩატარდა.
დეკემბერში, პროკურორებმა უკრაინის სასამართლოს, გირაოს (37 მილიონი დოლარი) შეფარდების გათვალისწინებით, პოროშენკოს დაპატიმრება სთხოვეს.
0
0