26/10/2024
16:44
არჩევნები 2024
პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს: თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ძალადობენ მოქალაქეებზე, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 112 საქართველოში არ მუშაობს, ვინაიდან ყველა უბნიდან შედის შეტყობინება ძალადობის ფაქტებზე და პოლიცია არ რეაგირებს.
“პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს: თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ძალადობენ მოქალაქეებზე. ეს არ არის თავისუფალი საარჩევნო გარემო, ეს არ არის სამართლიანი საარჩევნო გარემო. პოლიციას და მინისტრს უპირველესი პასუხისმგებლობა აქვს რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ხედავთ ისნის უბანზე მომხდარ შემთხვევას,
როგორ ებლატავებიან ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პოლიციას კანონიერების დაცვისკენ მოუწოდებს. ისინი კი ებოდიშებიან „მასკიან“, კრიმინალურ ჯგუფებს. ეს არის პოლიციის სავალალო სახე. გომელაურმა კონკრეტული ბრძანებები გასცეს ამ ადამიანების დასაკავებლად. ჩვენ ვნახეთ გლდანში მომხდარი ძალადობა, სადაც ორგანიზებული ჯგუფები ტურებივით ესხმიან თავს ახალგაზრდა დამკვირვებლებს, მათზე ძალადობენ. მათი სახელები იდენტიფიცირებულია. პოლიცია ვალდებულია დააკავოს ეს ადამიანები. პრაქტიკულად 112 საქართველოში არ მუშაობს. ყველა უბნიდან შედის შეტყობინება ძალადობის ფაქტებზე, არცერთი პოლიციელი არ რეაგირებს. ისინი ებრძვიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისანში, ჩვენი ოლქის წარმომადგენელმა, სალომე კაპანაძემ, რომელმაც შეიარაღებული პირები გადაიღო და ვიდეო მტკიცებულება გაუგზავნა პოლიციას, პოლიციამ შეიყვანა ქვედანაყოფში, დღემდე არ უშვებენ. წარმომადგენლის გარეშე ვართ. მოვითხოვთ ისნის პოლიციისგან მის გამოშვებას, რათა უფლებამოსილება განახორციელოს. ისანში ვხედავთ, რომ ჩვენს წარმომადგენელ მარიამ დოლიძეზე ორჯერ მოხდა თავდასხმა, „დუბინკები“ გამოიყენეს მეორედ და ის კლინიკაშია გადაყვანილი. ეს არის “ქართული ოცნების” სახე. ასევე, ფიზიკური ძალადობა მოხდა ყვარელში, მე-11 საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენს წარმომადგენლებს დაესხნენ თავს “ქართული ოცნების” ზონდერ ჯგუფები. ასევე რუსთავში მე-14 უბანზე, არაფორმალური ჯგუფები არ აძლევენ ჩვენს წარმომადგენელს უფლებას, რომ პროცესებს დააკვირდეს. მთელ საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ვინაიდან მათივე წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.
„ის ძალადობა და თავდასხმები, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების მიერ არის განხორციელებული “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან მიმართებით, მეტყველებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024