25/09/2024
10:23
მსოფლიო
შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში, ქალმა ე.წ. სიკვდილის კაფსულით თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიაში ამ ტიპის სუიციდის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
შაფჰაუზენის პოლიციამ თვითმკვლელობის ჩადენის წაქეზებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი "რამდენიმე პირი" დააკავა მას შემდეგ, რაც კომპანია Sarco-ს მიერ დამზადებული „სიკვდილის მანქანით“ ქალის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა აღნიშნული მოწყობილობა და ცხედარი იპოვეს.
კომპანიის განცხადებით, კაფსულის მართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც, სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე, თვითმკვლელობას ცდილობს. პოლიციის ინფორმაციით, ქალმა კაფსულა მერიშაუზენში, ტყის ქოხში გამოიყენა. აღნიშნული ტერიტორია შვეიცარიის იშვიათად დასახლებულ ნაწილში, გერმანიის საზღვარზე მდებარეობს. პოლიციის განცხადებით, მათ იურიდიულმა ფირმამ მიაწოდა ინფორმაცია კაფსულის გამოყენებით თვითმკვლელობის შესახებ. დაკავებულთა რაოდენობა და მათი, ასევე გარდაცვლილის, ვინაობა არ სახელდება.
ივლისში, სუიციდის ხელშემწყობმა ჯგუფმა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს Sarco-ს მოწყობილობას, განაცხადა, რომ 2024 წელს მისი პირველად გამოყენება მოსალოდნელი იყო. იურისტების განმარტებით, ამგვარი კაფსულით თვითმკვლელობა არ არის დამოკიდებული წამლებზე ან ექიმებზე, და აფართოებს ევთანაზიაზე წვდომას, რადგან პორტატული მოწყობილობის 3D ფორმატში დაბეჭდვა და აწყობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
კრიტიკოსები შიშობენ, რომ, სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე, თვითმკვლელობისთვის კაფსულის თანამედროვე ვარიანტის გამოყენება შემაშფოთებელია.
0
0