27/02/2024
13:53
ბადაგონი
„ბადაგონის“ შთამბეჭდავი წარმატება გერმანულ Mundus Vini-ზე - პირველად, ქართული ღვინის ისტორიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, გერმანულ MUNDUS VINI THE GRAND INTERNATIONAL WINE AWARD, ქართულმა ღვინოებმა, ერთდროულად, 6 ოქროს მედალი მოიპოვა.
ექვსივე სახეობის ღვინო მეღვინეობა „ბადაგონს“ ეკუთვნის.
ეს ღვინოებია:
საფერავი ქვევრი 2021, მუკუზანი 2021, მაესტრო საფერავი 2022, საფერავი ქოშერი 2018, ალავერდის ტრადიცია მშრალი- წითელი 2020, საფერავი რეზერვი 2010.
ქართული ღვინის წარმატებასა და კონკურსის შესახებ კომპანია „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა, მარი გიორგაძემ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რა წესით ხდება შერჩეული ღვინოების დეგუსტაცია და ვინ არიან ჟიურის წევრები, მარი გიორგაძის თქმით, ღვინის დეგუსტაცია Blind Tasting-ის (ბრმა ქასთინგის) მეშვეობით ხდება:
„ღვინოები ბრმა ქასთინგის მეშვეობით ისინჯება და კონკურსის ჟიურის წევრები არიან ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და სომელიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.“- განაცხადა მარი გიორგაძემ.
მისივე თქმით, „ბადაგონისთვის“ უმნიშვნელოვანესია ეს წარმატება, რადგან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ქართული ღვინის მაღალ ხარისხს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსში გამარჯვება, რადგან მსგავს პრესტიჟულ კონკურსებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მონაწილეობს. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ღვინის ხარისხს და ზრდის ცნობადობას.” - აღნიშნა მარი გიორგაძემ.
კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის წინსვლისთვის, არამედ საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის.
„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვიღებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას. „ბადაგონს“ არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მიმაჩნია, რომ ეს არის, არა მხოლოდ კომპანია „ბადაგონის“ ღვინის წარმატება, არამედ მთლიანად საქართველოსა და ქართული ღვინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ, „ბადაგონისა“ და ქართული ღვინის გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას“ - დასძინა მარი გიორგაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში.
ცნობისათვის, გერმანული MUNDUS VINI ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პრესტიჟული ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც გამომცემლობა Meininger-ის მიერ დაარსდა და პირველად, 2001 წელს გერმანიაში, ქალაქ ნოიშტადში ჩატარდა.
რიგით 34-ე კონკურსზე წარმოდგენილი ათასობით ღვინო, მსოფლიოს 40 ქვეყნიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, Blind Tasting-ის მეთოდით შეაფასეს.
ტრადიციულად, კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება: გაზაფხულსა და ზაფხულში.
აღსანიშნავია, რომ შარშან, ამავე კონკურსში, 7568 ღვინო მონაწილეობდა, სადაც „ბადაგონის“ ღვინომ - ქვევრის ქისი, ოქროს მედალი მოიპოვა.
0
0