28/08/2023
19:37
მედიცინა
ავსტრალიაში, კანბერას საავადმყოფოს ნეიროქირურგმა ჰარი პრია ბანდიმ თავის პაციენტს ტვინიდან 8 სანტიმეტრის სიგრძის პარაზიტული მრგვალი ჭია ამოუყვანა.
ამის შესახებ The guardian სამედიცინო ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ში მოთხრობილ შემთხვევაზე დაყრდნობით წერს.
„ის ცოცხალია და იკლაკნება“, - იხსენებს კანბერას საავადმყოფოს ინფექციონისტი სანჯაია სენანიაკი ზარს, რომელიც კოლეგისგან მიიღო.
სტატიის მიხედვით, 64 წლის ქალი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიის შტატიდან ახალი სამხრეთი უელსი ადგილობრივ საავადმყოფოში 2021 წლის იანვრის მიწურულს მოხვდა მუცლის არეში სამკვირიანი ტკივილებისა და დიარეის ჩივილებით, რასაც თან მუდმივი მშრალი ხველა, ცხელება და ღამით ოფლიანობა დაერთო. ხოლო 2022 წელს, მის სიმპტომებს გულმავიწყობა და დეპრესია შეემატა. სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის კანბერაში. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიამ კი ისეთი პათოლოგიები გამოავლინა, რომლებიც ოპერაციას საჭიროებდა.
საავადმყოფოში სასწრაფოდ კონსილიუმი შეიკრიბა, რათა გაერკვიათ, თუ რა სახის მრგვალ ჭიასთან ჰქონდათ საქმე და რაც მთავარია, შეედგინათ პაციენტის შემდგომი მკურნალობის გეგმა.
როგორც The guardian წერს, ექიმთა კვლევა უშედეგო აღმოჩნდა და მათ დასახმარებლად გარეშე ექსპერტს მიმართეს.
„კანბერა პატარაა, ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ჭია ავსტრალიის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევის ორგანიზაციის (CSIRO) მეცნიერს გავუგზავნეთ ლაბორატორიაში, რომელსაც პარაზიტებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. მან, დახედა თუ არა, თქვა - ღმერთო ჩემო, ეს არის Ophidascaris robertsi“, - ამბობს სენანიაკი.
მედიკოსთა განმარტებით, Ophidascaris robertsi მრგვალი ჭიაა, რომელიც ჩვეულებრივ, პითონებში გვხვდება.
0
0