24/01/2023
09:18
კულტურა
ქართული უნიკალური პოლიფონიის - „ჩაკრულოს“ შემდეგ, კოსმოსში, ქართველი ჰიპერრეალისტი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის 2 ნატურმორტი გაიგზავნება.
ნახატების - „რომაული გაზაფხულისა“ და „ჰარი პოტერის“ ციფრული ვერსია ჯერ მეხსიერების ბარათზე, შემდეგ კი სპეციალურ კაფსულაში მოთავსდება და „ნასას“ ორგანიზებით, 2023 წლის შემოდგომაზე, კოსმოსში გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ ორივე ნახატი რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია.
როგორც მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე აცხადებს, ამ კონკურსში 75 ქვეყნიდან 5400 ნამუშევარი მონაწილეობდა. ფინალისტებს შორის კი ქართველი მხატვრის აღნიშნული 2 ნატურმორტი აღმოჩნდა.
„მართალია, ერთ ნახატს ჰქვია „რომაული გაზაფხული“, თუმცა ამ ნამუშევარს იტალიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლარნაკში თბილისის შემოგარენში დაკრეფილი თეთრი ყვავილებია. რაც შეეხება მეორე ნახატს, ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესით ვკითხულობდი ჰარი პოტერის ყველა თავგადასავალს. სწორედ ჩემი „ჰარი პოტერი“ ამ წიგნს მივუძღვენი“, განაცხადა ჰიპერრეალისტური ნახატების ავტორმა ბრუნო ვეფხვაძემ ექსკლუზიურად ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა თბილისში, 1986 წელს, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. იგი ვეფხვაძეების მხატვართა ოჯახის მეოთხე თაობაა. მან ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა მხატვრობის მიმართ.
2009 წელს დაამთავრა ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორია. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024