30/11/2022
11:07
სამართალი
პირს, რომელმაც გლდანში ნათესავი ქალი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
0
0