17/08/2022
12:22
მსოფლიო
ერთ ხაზში სიარულის გამოცდა მარტო პოლიციისთვის სასარგებლო ხერხი არ არის იმის გასარკვევად, არის თუ არა მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ამ გამოცდას ნეიროლოგებიც იყენებენ, მაგალითად, ატაქსიის დიაგნოზის დასადგენად, რომელიც ნევრული დაავადებაა და აზიანებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც კოორდინირებულ მოძრაობას უზრუნველყოფენ. ახლა ეს გამოცდა ფუტკრებზე მოარგეს და აღმოჩნდა რომ თანამედროვე პესტიციდები ფუტკრებს ნერვულ სისტემას შლიან, ისე რომ მათ სწორხაზოვნად მოძრაობას შეუძლებელს ხდიან. ახალი კვლევა მეცნიერულ ჟურნალ Frontiers in Insect Science-ში გამოქვეყნდა.
“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ აქტიურად გამოყენებული ინსექტიციდებს, როგორებიც არიან სულფოქსაფლორი და ნეონიკოტინოიდის სახეობის იმიდაკლოპრიდი, შეუძლიათ ძლიერად დააქვეითონ ფუტკრების მხედველობაზე დამოკიდებული ქცევები. ჩვენი აღმოჩენები წუხილის მიზეზია, რადგან ფუტკრების უნარი სწრაფად იმოქმედონ ვიზუალურ ინფორმაციაზე უმნიშვნელოვანესია მათი ნავიგაციისა და ფრენისთვის, და თავისთავად განუყოფელია ფუტკრების გადარჩენისგან,” - ამბობს დოქტორი რეიჩელ ჰ. პარკინსონი, კვლევის წამყვანი ავტორი და მეცნიერი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
კვლევის შედეგები იმას ემატება, რასაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უწოდა “სწრაფად ზრდადი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ რომ არსებული გარემოს დაბინძურება (ნეონკოტინოიდის პესტიციდებისგან) მასშტაბურად ვნებს ფუტკრებს და სხვა სასარგებლო მწერებს."
ოპტომოტორული რეაქცია და უჩვეულო ექსპერიმენტი
მწერებს გააჩნიათ თანდაყოლილი ოპტომოტური რეაქცია, რისი დახმარებითად ისინი სწროხაზოვნად მოძრაობას ინარჩუნებენ მაშინ როცა რაიმე დაბრკოლება, სიარულის, ან ფრენის დროს, სწორხაზოვან ტრაექტორიას საფრთხეს უქმნის.
პარკინსონმა და მისმა კოლეგებმა საინტერესო ექსპერიმენტი დაგეგმეს. მათ ფუტკრები ეკრანების წინ მოათავსეს, სადაც ვიდეოს აჩვენებდნენ. ვიდეოში ვერტიკალური ხაზები იყო გამოსახული, რომლებიც ოპტიკურ ილუზიას ქმნიდნენ და ფუტკრებს “აჯერებდნენ” რომ ვერტიკალური ხაზი მათ ბუნებრივ სწორხაზოვან მარშრუტს წარმოადგენდა. ექსპერიმენტის განმავლობაში ეკრანზე გამოსახული ხაზები მარჯნივ და მარცხნივ მოძრაობდნენ, რათა ფუტკრებს ჰგონებოდათ, რომ ისინი თავიანთ სწორ ტრაექტორიას ასცდნენ და ოპტომოტორული რეაქციის საშუალებით ისევ მოძრავ ხაზებს, “სწორ ხაზს” გასწორებოდნენ. თუ ფუტკარი წარმატებით აყვებოდა ხაზების მარჯვნივ-მარცხნივ მოძრაობას, მაშინ მისი ნერვული სისტემა მწყობრში იმყოფებოდა - თუ არა, მაშინ საქმე პესტიციდებით გამოწვეულ ნერვულ დაზიანებებში იქნებოდა.
მკვლევრებმა ფუტკრები ოთხ ჯგუფად დაყვეს. ოთხივე ჯგუფს განსხვავებული დოზების პესტიციდები მიაწოდეს - 50 PPB (ნაწილაკი მილიარდზე) იმიდაკლოპრიდი, 25 PPB იმიდაკლოპრიდი, 50 PPB სულფოქსაფლორი, და 25 PPB სულფოქსაფლორი.
საკონტროლო, არადაწამლულ ჯგუფთან შედარებით, ოთხივე ჯგუფს უარესი ოპტომოტორული რეაქცია აღენიშნებოდა. ისინი უფრო ნელა, ან მხოლოდ ერთი მიმართულებით იცვლიდნენ მიმართულებას.
ტვინის დაზიანებები
მკვლევრებმა ასევე შენიშნეს, რომ პესტიციდებით ნამკურნალებ ფუტკრებს ტვინის ოპტიკურ წილებში, სადაც ვიზუალური ინფორმაცია მუშავდება, მომატებული რაოდენობის მკვდარი უჯრედები ჰქონდათ.
“ნეონიკოტინოიდის და სულფოქსიმინის ინსექტიციდები საკმარისად სწრაფად ვერ გადამუშავდებიან მწერების ტვინში რომ მათი ტოქსიკურობა არ გამოვლინდეს. ისინი ამასობაში ნეირონებს აამოქმედებენ. ფუტკრების ტვინში რა ცვლილებებიც შევნიშნეთ, შესაძლოა, ერთგვარი რეპროგრამირების (გარდაქმნის) შედეგია რათა ფუტკრებმა საზიანო ნაერთებისგან თავი გადაირჩინონ [ოპტომოტორული რეაქციის ფასად],” - თქვა დოქტორმა პარკინსონმა.
მან დაამატა: “მთავარი საზრუნავი ეს არის - თუ ფუტკრები ნერვულ დაქვეითებას ვერ გადალახავენ - საფრთხე დაემუქრებათ მოიძიონ საკვები, იმოძრაონ უსაფრთხოდ, და დამტვერონ ყვავილები.”
წყარო: Phys.org
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0