03/08/2022
00:50
მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პარალელურად, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნებს გამართავს. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
ჩინური მედიის ცნობით, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები და ვარჯიშები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხვალ, 3 აგვისტოს დაიწყება და 3 დღე გაგრძელდება.
გამოცემა Global Times-ი წერს, რომ წვრთნების ფარგლებში ტაივანის სრუტეში დიდი რადიუსის მქონე არტილერიას გამოიყენებენ, ასევე კუნძულის აღმოსავლეთით კონვენციურ რაკეტებს გამოცდიან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ "მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ".
ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
ოფიციალურმა ჩინეთმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
ტაივანი თვითმმართველი დემოკრატიაა, რომელსაც არასდროს მართავდა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი, თუმცა, პეკინი ამტკიცებს, რომ ის პროვინციაა, რომელიც მასთან უნდა გაერთიანდეს, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებითაც. ჩინეთის კომუნისტური პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტაივანის, როგორც თავად უწოდებს, სეპარატისტული მთავრობის მიმართ უცხოური მხარდაჭერის გამოვლინებას, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან.
0
0