04/06/2024
10:40
სამხედრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები გორში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. დეპუტატები პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
პარლამენტარებმა მოინახულეს განახლებული ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი და სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. მოგვიანებით, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, დეპუტატები უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
0
0