29/07/2024
13:15
სპორტი
საფრანგეთში, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა პუერტო რიკოს წინააღმდეგ საკალათბურთო მატჩის გამართვამდე სამხრეთ სუდანის ეროვნული ჰიმნის მცადრი აუდიო ვერსია გაუშვეს. პიერ-მორუას სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა პროტესტი გამოთქვეს, რადგან სამხრეთ სუდანის ნაცვლად სუდანის ჰიმნი გაჟღერდა. ჰიმნის აუდიო ვერსია მცირე პაუზის შემდეგ გასწორდა, რასაც ხალხის ოვაციები მოჰყვა.
სამხრეთ სუდანის ერთ-ერთმა მოთამაშემ მაიოკ დენგმა მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული შეცდომა სამხრეთ სუდანის "უპატივცემულობა" იყო.
”მათ [ორგანიზატორებს] მეტი ტაქტიანობა მართებთ, რადგან იციან, რომ სამხრეთ სუდანისთვის ეს თამაშების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. არანაირად არ შეშლიათ, სპეციალურად გააჟღერეს სხვა ჰიმნი. ეს უპატივცემულობაა”, - თქვა მაიოკ დენგმა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა სამხრეთ სუდანის გუნდს და მათ მხარდამჭერებს „ადამიანური შეცდომის გამო“ ბოდიში საჯაროდ მოუხადეს.
„ჩვენ სრულად ვაანალიზებთ შეცდომის სიმძიმეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც BBC-ი წერს, ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა „უტაქტობის გამო“ უკვე მეორედ მოუწიათ - ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე მათ სამხრეთ კორეელი სპორტსმენები შეცდომით გამოაცხადეს, როგორც "კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის" [ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური დასახელება] წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, სამხრეთ სუდანის ნაკრებმა პუერტო რიკო ანგარიშით 90:79 დაამარცხა.
სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს გაჭიანურებული კონფლიქტის შემდეგ მოიპოვა და მას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება პირველად გასულ წელს მიენიჭა.
0
0